დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში "შენი იდეა ქალაქის მერს" იდეების მიღება გრძელდება. ერთ-ერთმა პროექტმა კი, საათი "გიგანტურ ბორბალზე" მოწონებათა განსაზღვრული რაოდენობა დააგროვა.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მოქალაქეებისგან წამოსული ბევრი საინტერესო იდეა განვახორციელოთ.
მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ ჩვენ შევარჩიეთ ორი პროექტი, რომლის განხორციელებაზე მუშაობა დაწყებულია და სულ მალე ვიხილავთ დედაქალაქში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილ მოწყობილობებს და ვიწყებთ ნარჩენების მართვას. ამჟამად კი განიხილება კიდევ რამდენიმე პროექტი, რომელთა შორის ერთ-ერთია სწორედ საათი „გიგანტურ ბორბალზე“. ამ იდეამ, როგორც სხვა განსახილველმა იდეებმა დააგროვა მოწონებათა განსაზღვრული რაოდენობა, რის შემდეგაც, მე დავავალე „თბილსერვისის“ ხელმძღვანელობას, ჩაეტარებინათ ბაზრის კვლევა, რათა პროექტის დადებითად შეფასების შემთხვევაში ჩვენ გვქონოდა ინფორმაცია, თუ რა დაჯდებოდა მისი განხორციელება.
მიუხედავად იმისა, რომ ამაში არაფერია დასამალი, რუსთავი 2-მა სწორედ ეს სიმართლე დამალა და სანაცვლოდ შეთხზა ტყუილი, რომ თითქოს გაფორმდა 2-მილიონიანი ხელშეკრულება, რომლითაც უნდა დამონტაჟებულიყო შესაბამისი განათება ეშმაკის ბორბალზე.
ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ "შენი იდეა ქალაქის მერს" ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი, ჩვენი მონაპოვარი, რომლითაც მოქალაქეებს შეუძლიათ რეალობად აქციონ თავიანთი იდეები. ძალიან საინტერესო იყო თვითონ ამ პროექტის ავტორის მოსაზრებაც.
პროექტის აღწერაში ის მიუთითებდა, რომ გიგანტური ბორბლის საათი ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცევა და ტურისტული თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველი შეიძლება აღმოჩნდეს. ასეთი იდეები ნამდვილად დასაფასებელია და ვერანაირი სიცრუე და ტყუილების კასკადი ვერ ჩაკლავს ამ ადამიანების მოტივაციას, ნამდვილად იზრუნონ ამ ქალაქის განვითარებაზე. პროექტი კი რა თქმა უნდა გაგრძელდება და იმედი მაქვს, მაქსიმალურად გავაწვდენთ ჩვენს ბიუჯეტს სწორედ ისეთი იდეების განხორციელებას, რაც მოსახლეობის არჩევანია", – აღნიშნა კახა კალაძემ.