ასოციაციამ "ჩვენი სახლი-საქართველო" პარტნიორ ორგანიზაცია „სოციალურ ქოლგასთან“ ერთად დაიწყო პროექტის "ძლიერი ოჯახი-საზოგადოების განვითარების საფუძველი" განხორციელება, რაც გულისხმობს იმ ოჯახების გაძლიერებას, სადაც შესაძლოა ბავშვის მიტოვების რისკი არსებობდეს.
მოცემული პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ოჯახების საჭიროებების შეფასება, რათა სწორად დაიგეგმოს და განხორციელდეს ინტერვენცია საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, ქუთაისი, ხაშური, გორი, რუსთავი, თელავი) მცხოვრებ 20 ოჯახში. პროექტი "ძლიერი ოჯახი-საზოგადოების განვითარების საფუძველი" ხორციელდება ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით და "საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის" მხარდაჭერით.
მოცემული პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა რეგიონული მულტიდისციპლინური გუნდები, რომლებიც შედგება ოჯახებთან მომუშავე ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკებისგან, რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისგან. აღნიშნული გუნდები, გარდა იმისა, რომ იმუშავებენ შერჩეული ოჯახების სოციალური უნარების განვითარებაზე, აგრეთვე მოამზადებენ ამჟამად მოქმედი პროგრამების, პროექტების და სერვისების რუკას თითოეული რეგიონისთვის, რაც დაეხმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაჭრან ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები, რასაც საკუთარი ძალებით ვერ ახერხებენ.
დღესდღეობით, საქართველოში მოწყვლადი ოჯახების დახმარებაზე მიმართული სხვადასხვა პროექტი და პროგრამა მუშაობს, თუმცა ოჯახების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სისტემური დახმარების პრაქტიკა დახვეწას და შემდგომ გაძლიერებას საჭიროებს. ამიტომაც პროექტი საჭიროებათა ღრმა კვლევით დაიწყო, რასაც მისგან მიღებული შედეგების საფუძველზე კონკრეტული საქმიანობების დაგეგმვა მოჰყვება. შემუშავდა ოჯახების გაძლიერების მოდელი, რომლის პილოტირებაც 2017 წლის 1 აგვისტოდან საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში უკვე მიმდინარეობს. პილოტირების შედეგების საფუძველზე მოდელი დაიხვეწება და მის შედეგებს გაეცნობა ყველა ის უწყება, ვისაც მოწყვლადი ოჯახების სისტემურ გაძლიერებაში საკუთარი წვლილის შეტანა სურს და ევალება.