"საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით, სეოკ-ის აფხაზეთის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ოლიმპიური ორგანიზაციების ინიციატივით სენაკში გაიმართა ერთობლივი სპორტული თამაშები დევიზით „ოლიმპიზმი გვაერთიანებს." – ამის შესახებ ინფორმაციას ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
შეჯიბრების პროგრამაში იყო მძლეოსნური კროსი, კალათბურთი, მინი-ფეხბურთი, ბაგირის გადაძალვა და ოლიმპიური ვიქტორინა.
საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა სეოკ-ის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაციის ნაკრებმა, მეორე ადგილზე გავიდა იმერეთი, მესამეზე – სამეგრელო-ზემო სვანეთი. სამივე გუნდი უმთავრესად დაკომპლექტებული იყო აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ახალგაზრდებით. ცალკეულ დისციპლინებში და საერთო ჩათვლაში გამარჯვებულებს და პრიზიორებს გადაეცათ სეოკ-ის დიპლომები, სხვადასხვა პრიზები, სპორტული წიგნები.
სპორტულ თამაშებს ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.
„ეს იყო ძალიან კარგად ორგანიზებული შეჯიბრება, რომელიც პირველად ჩატარდა ჩვენი რეგიონალური ორგანიზაციების თაოსნობით, – განაცხადა ლერი ხაბელოვმა, – ჩვენმა ახალგაზრდებმა კარგი სპორტული მომზადება და ოლიმპიზმის ცოდნა გამოავლინეს.
მინდა მადლობა ვუთხრა შეჯიბრების ორგანიზატორებს და მასპინძლებს, ყველა მონაწილეს, პროექტის ავტორს _ აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარეს ამირან ზუხბაიას, რომელმაც კოლეგებთან – რევაზ რობაქიძესთან და დავით კილასონიასთან ერთად კარგი საქმე წამოიწყო. ამ საქმეს აუცილებლად ექნება გაგრძელება.