პრემიერი: საქართველოს აქვს სრულიად დასაბუთებული ამბიცია, იყოს რეგიონული ცენტრი

478
გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დროის ათვლის დაფა ჩართო, რომელზეც რკინიგზის ახალი სადგურის მშენებლობამდე დარჩენილი დღეების რაოდენობაა მითითებული.
 
"ეს მაგისტრალი არ არის მხოლოდ სარკინიგზო ობიექტი, ეს არის შემადგენელი იმ ძალიან დიდი სივრცითი განვითარების პროექტისა, რომელიც ჩვენი ოთხპუნქტიანი გეგმის ნაწილია და საქართველოს ყველა წერტილში ძირითადი ინფრასტრუქტურის მიყვანას და ძირითადი მომსახურებების მიტანას გულისხმობს. ქუთაისი გახდება საქართველოს სივრცითი განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი. საქართველოს აქვს სრულიად დასაბუთებული ამბიცია, იყოს რეგიონული ცენტრი", – აღნიშნა პრემიერმა.
 
ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, თუ პირიქით მოძრავი ყველა სამგზავრო მატარებელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ტერმინალიდან რამდენიმე ნაბიჯში გაჩერდება.
 
პრემიერის შეფასებით, ახალი სარკინიგზო ხაზი, აეროპორტთან ერთად, იქნება იმ დინამიკის სიმბოლო, რომლისკენაც საქართველო იწრაფვის – იყოს თანამედროვე, ევროპული დაგეგმარების მქონე ქვეყანა ძალიან სწრაფი დინამიკით. 
 
"ქუთაისის აეროპორტი, ამ სადგურთან ერთად, გახდება ის უმნიშვნელოვანესი ცენტრი, სადაც ჩვენი ყველა თანამოქალაქე, რომელიც მოინდომებს, ხელმისაწვდომ ფასად იმოგზაუროს ევროპაში დღეს უკვე უვიზოდ, ისარგებლებს თანამედროვე, კომფორტაბელური "სტადლერის" მატარებლით. ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული ყველა მოგზაური აქედან რამდენიმე საათში შეძლებს, მოხვდეს საქართველოს ნებისმიერ წერტილში – იქნება ეს ჩვენი მთის თუ ზღვის კურორტები", – განაცხადა პრემიერმა. 
 
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლების მიზანია, ქუთაისიდან საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოხვედრა ორიოდე საათის მანძილზე იყოს შესაძლებელი – იქნება ეს კურორტები, ახლად აშენებული ამბროლაურის აეროპორტი, მესტიის თუ თელავის აეროპორტი.
Comments
Loading...