პრემიერი: საქართველოს სათხილამურო კურორტებზე ტურიზმიდან 300 მლნ დოლარზე მეტის მიღება შეიძლება

425

"ბოლო წლებში ურთიერთობები საქართველოსა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის დინამიურად ვითარდება და ღრმავდება. საქართველოს წილად ხვდა პატივი, ემასპინძლა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციისთვის. ეს იყო მართლაც მნიშვნელოვანი და სიმბოლური მოვლენა, რადგანაც მეღვინეობის ტრადიციებს საფუძველი სწორედ საქართველოში ჩაეყარა 8 000 წლის წინ", – აღნიშნულის შესახებ პრემიერმა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

"დღეს კი ჩვენ საფუძველს ვუყრით კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს წამოწყებას, ვმასპინძლობთ რა ევრაზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციას. საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ის მთის კურორტების განვითარებას. 

მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ მაქვს ორი თანამდებობა: 1) დიდი პატივი, რომელიც წილად მერგო, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და 2) სამთოსათხილამურო კურორტების პროექტების მენეჯერობა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის 65%-ზე მეტი მთაგორიანია და მთავრობა აქტიურად ავითარებს მთის კურორტებს, რათა ამ რეგიონებში გაჩნდეს წინსვლის მეტი შესაძლებლობა. 

სხვადასხვა კვლევის თანახმად, საქართველოს სამთოსათხილამურო კურორტებზე არსებობს ტურიზმიდან 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის შემოსავლების მიღების შესაძლებლობა.

ამის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ თავი მოუყარა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს და მიმართა ისინი ჩვენი მთის კურორტების განვითარებისკენ, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ჩათვლით. ჩვენ გავხსენით ორი ახალი სათხილამურო კურორტი: გოდერძი და თეთნულდი და შევქმენით ინვესტირებისთვის ხელსაყრელი გარემო, რისთვისაც უზრუნველვყავით გამარტივებული პროცედურები, დაბალი გადასახადები და სხვადასხვა წამახალისებელი მექანიზმი. გარდა ამისა, მთავრობამ წარმატებით გამოიყენა საჯარო-კერძო პარტნიორობის პოტენციალი, რის შედეგად, სამთოსათხილამურო კურორტების განვითარებაში კერძო სექტორის ჩართულობით, სამთო კურორტები მოიზიდავს დამატებით ინვესტიციებს სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად. ერთ-ერთი ასეთი მსხვილი ინვესტორი ბაკურიანის „კოხტა-მიტარბის“ პროექტის ფარგლებში არის დღევანდელი კონფერენციის გენერალური სპონსორი", – აღნიშნავს გიორგი კვირიკაშვილი.

Comments
Loading...