საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, შპს "გრინვილი" ქართული კარაქის, მცენარეული ცხიმისა და მარგარინის წარმოებას იწყებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
საწარმო 2017 წლის ოქტომბერში თანამედროვე სტანდარტების მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი დაიწყებს მუშაობას. შპს "გრინვილი" საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას როგორც საცალო და საბითუმო, ასევე ქსელურ სუპერმარკეტებში გეგმავს. საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანია 20-მდე ადამიანს დაასაქმებს.
შპს "გრინვილი" თბილისში, გრ. ლორთქიფანიძის #13-ში მდებარეობს და პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ "აწარმოე საქართველოში" განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 460 000 ლარს შეადგენს.