პურის ფასი შესაძლოა გაძვირდეს

61

თუკი ხორბლის ფასი დღეს არსებულ 44-ლარიან ნიშნულზე შენარჩუნდება, პურ-პროდუქტების მწარმოებლები ფასის გადახედვას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ ინფორმაციას "მაესტრო" ავრცელებს.

კომპანია იფქლში აცხადებენ, რომ ხორბალსა და ფქვილზე დღეს არსებული ფასი საწარმოსთვის კრიტიკულ ზღვარზეა, ხოლო ნედლეულის კიდევ უფრო გაძვირების შემთხვევაში, კომპანია პურზე ფასების მატებას გარდაუვლად მიიჩნევს.

"ამ დროისათვის ეს მატება იყო საკმაოდ მტკივნეული, რადგან მხოლოდ რამდენიმე კვირაში გაიზარდა მნიშვნელოვნად ფქვილზე ფასი. თუ კლებისკენ არ წავა, სავარაუდოდ, ჩვენს კომპანიას ექნება ამ საკითხზე მსჯელობა ფინანსურ გუნდთან ერთად. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად მოვახერხებთ არსებული ფასით პურის ფასის შენარჩუნებას, ამის წინასწარ განსაზღვრა რთულია, ზამთრის პერიოდი მაგალითად, ყოველთვის რთულია. როგორც წესი, ზამთრის პერიოდში პურის ფასი იზრდება ხოლმე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უნდა მივიდეთ რაღაც საბოლოო დასკვნამდე", – აცხადებენ იფქლში.

ფქვილის ფასი, დღეის მდგომარეობით 42-44 ლარის ფარგლებში მერყეობს. გაძვირების მიზეზი მსოფლიოში ხორბლის მოსავლის შემცირების პროგნოზი გახდა.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშით, წელს რუსეთში 30%-ით ნაკლებ ხორბლის მოსავალს ელოდებიან. მოსავალი აგრეთვე მცირდება ავსტრალიაში, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ბაზრებზე. აღნიშნულმა პროგნოზმა მსოფლიო ბაზრებზე ფასების რყევა გამოიწვია და ხორბლის ფასზე ნეგატიურად იმოქმედა. გაძვირების მეორე ტალღა იმ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის თანახმად, რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე შესაძლოა კვოტა, ან საბაჟო გადასახადი დააწესოს.

მეხორბლეთა ასოციაციაში კიდევ ერთ ფაქტორად ლარის კურსის მერყეობას ასახელებენ.

"ვფიქრობთ, გარკვეულწილად, ყველა ამ ფაქტორმა თითქმის უკვე იმოქმედა და თუ არ მოხდა შემდეგი ფაქტორების თამაში, რაშიც იგულისხმება ის, რომ რუსეთმა ფაქტის წინაშე დააყენოს მსოფლიო და შემოიღოს საბაჟო გადასახადი, ან კვოტა, და კიდევ თუ საქართველოში ლარის კურსმა დაიწყო გარკვეული თამაში. აქედან გამომდინარე, პროგნოზების გაკეთება დღეს საკმაოდ ჭირს", – აცხადებენ მეხორბლეთა ასოციაციაში.

Comments
Loading...