რა უნდა იცოდეს მშობელმა ლაქტოზის აუტანლობაზე

65

ლაქტოზის აუტანლობა არის პათოლოგია, რომელსაც იწვევს ფერმენტ ლაქტაზას უკმარისობა ორგანიზმში. ლაქტაზას დანიშნულება ორგანიზმში არის ცხოველური წარმოშობის რძეში არსებული დისაქარიდის ლაქტოზას დაშლა, შემდგომი მისი სწორი მონელებისათვის.

ფერმენტ ლაქტაზის დეფიციტის მიზეზი არის მის მასინთეზირებელ LCT გენში არსებული მუტაციები, პოლიმორფიზმები ან გარემო ფაქტორები. ამ მიზეზებით თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსში მცირდება ლაქტაზის რაოდენობა. ლაქტოზის შეწოვა წვრილი ნაწლავიდან სისხლში წინასწარი დაშლის გარეშე ვერ ხდება. ასეთ დროს ლაქტოზა დაუშლელი სახით გადადის მსხვილ ნაწლავში. მსხვილ ნაწლავში არსებული ბაქტერიები იწვენ ლაქტოზას ფერმენტაციას (ძლიერდება დუღილის პროცესი ნაწლავის სანათურში), რომლის დროსაც გამოიყოფა დიდი რაოდენობით წყალბადი, მეთანი და ნახშირორჟნგი. მთელ ამ პროცესს შემდგომში სხვადსხვა სახის ნაწლავის ფუნქციური დარღვევები მოსდევს. არასწორი მონელების შედეგადი მსხვილ ნაწლავში დარჩენილი მეტაბოლიტები და დაუშლელი შაქრები ზრდიან ნაწლავის ოსმოსურ წნევას. ნაწლავის სანათურში მატულობს წყლის რაოდენობა , ვითარდება ქრონიკული ფაღარათი, მეტეორიზმი,მუცლის შებერილობა და ტკივილები, უფრო იშვიათად აღენიშნება ღებინება, ლაქტოზის შემცველი პროდუქტების მიღებიდან 1- 2 საათის შემდგომ.

ზრდასრულებში ხშირია ასევე თავის ტკივილები, ოფლიანობა, ზოგადი სისუსტე , უღონობის განცდა, სახსრების და და გულის ტკივილი, პულსის გახშირება თავბრუსხვევა. ბავშვებში ადგილი აქვს ჭირვეულობას, ხშირ ტირილს ჭამის მერე და ქრონიკლულ ყაბზობას, წონის ცუდ ნამატს ,მოუსვენარ ძილს . გაითვალისწინეთ, ჩამოთვლილი სიმპტომები ყოველთვის უკავშირდება ლაქტოზის შემცველი საკვების მიღებას.

ლაქტოზის აუტანლობის დადგენის რამოდენიმე მეთოდი არსებობს. ეს არის ამონასუნთქ ჰაერში წყალბადის რაოდენობის კვლევა, შარდში ლაქტოზის რაოდენობის განსაზღვრა და ლაქტაზის გენის გამოკვლევა. უკანასკნელი საშუალებას გვაძლევს დავაზუსტოთ ლაქტოზის აუტანლობა გენეტიკური თუ გარემო პირობებითაა განპირობებული. ჩამოთვლილი სიმპტომები ადვილად შესამჩნევია ყურადღებიანი მშობლისა და მოზრდილი პაციენტისათვის.

სიმპტომების არსებობის შემთხვევაში სასურველი და აუცილებელიც კია მიმართონ ექიმს. დიაგნოზის დაზუსტების შემდგომი მკურნალობა არის უსაფრთხო და ეფექტური. ლაქტოზის შემცველი პროდუქტების ამოღება საკვები რაციონიდან. ლაქტოზის გამომრიცხველ დიეტოთერაპიაში რძის პროდუქტების ჩანაცვლება სპეციალური ულაქტოზო ნარევებით, რომლებიც მრავლადაა წარმოდგენილი სპეციალიზებული ნარევების სახით ჩვილებისათვის. მოზრდილი და ზრდასრული პაციენტებისათვის კი ცხოველური რძის ულაქტოზო რძით ჩანაცვლება.

ლაქტოზის აუტანლობის გარდა უფრო აგრესიული და საყურადრებო მემკვიდრული დაავადებაა გალაქტოზემია, რომელიც ასევე მოითხოვს ულაქტოზო დიეტას.

გალაქტოზემიის გვიანი დიაგნოსტიკის და ლაქტოზის გამომრიცხველი დიეტოთერაპიის გვიანი დაწყება იწვევს ღვიძლის ფუნქვიების მკვეთრ გაუარესებას, კატარაქტას და ყველა იმ ნიშანს რომელიც ლაქტოზის აუტანლობას ახლავს თან. განვითარებულ ქვეყნებში ამ დაავადების ამოცნობა ხდება ახალშობილთა მასიური სკრინინგის პროგრამით კლინიკური ნიშნების გამოხატვამდე.

Comments
Loading...