რუსა მორჩილაძე: ყველას ვურჩევდი, მიიღონ გადაწყვეტილება და „ჯისიეიდან“ „გერაში“ გადმოვიდნენ

70

საავტორო უფლებების დაცვა უკვე რამდენიმე წელია განხილვის საგანია საზოგადოებაში, ვისაც ეს სფერო ეხება. მუსიკოსებმა და შემსრულებლებმა საკანონმდებლო ორგანოს წერილით მიმართეს და კანონში არსებული ბუნდოვანი ჩანაწერების გასწორება და მოგვარება თხოვეს.

დღეს ქვეყანაში საავტორო უფლებების დაცვის ორი ასოციაცია მუშაობს – ძველი ორგანიზაციის გაუმჭვირვალობით, თანხების არასამართლიანად აკრეფით და განაწილებით უკმაყოფილო ავტორებმა ახალი ასოციაცია „გერა“ დააფუძნეს. მათ შორისაა კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე.

ძველი ასოციაციის თავმჯდომარე გელა კობალაძე ასობით ავტორს და ახალ ასოციაციას კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კანონმდებლობით მის ასოციაციას საქმიანობის ექსკლუზიური უფლება აქვს მინიჭებული.

ამ თემებზე და იმ მუსიკოსების პოზიციაზე, რომლებიც საკუთარი უფლებების დასაცავად ახალი ასოციაცია დააფუძნეს, კომპოზიტორს და მუსიკოსს რუსა მორჩილაძეს ვესაუბრეთ.

  • წლების განმავლობაში ცდილობდით საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციაში ცვლილებებისთვის მიგეღწიათ. რისი შცვლა ან გამოსწორება გინდოდათ?

წლების განმავლობაში კუთვნილის მხოლოდ მემილიონედი მიმიღია საავტორო შემოსავალი. არაფერი იცვლებოდა, მე იურისტი არა ვარ რომ რაღაც  ვამტკიცო, მაგრამ ვარ 100%-ით დარწმუნებული, რომ იქ არ იყო კეთილსინდისიერი დამოკიდებულება  ყველა ავტორის მიმართ. მე ჩემი სახელით ვლაპარაკობ მაგრამ იცოდეთ, რომ ჩემს აზრზეა ათასობით ადამიანი.

  • თქვენ მიმართეთ გიგა კობალაძეს, რომ მან უნდა დაინახოს შეცდომები, რომლებიც დაუშვა მუსიკოსებთან და შემსრულებლებთან მიმართებაში. რა შეცდომებზე საუბრობდით?

პირადად მე წლების განმვლობაში რამოდენიმეჯერ მქონდა მასთან შეხვედრა,  რადგან მაშინ ალტერნატივა არ გვქონდა, რომ სადმე წავსულიყავით. ვთხოვდი  ყოფილიყო გამჭვირვალეობა, სწორად აეკრიფათ ჰონორარები და ჩემი ანაზღაურება მოეცათ სწორად, რომელიც ყოველთვე და ყოველკვარტალურად ერთნაირი არ უნდა ყოფილიყო წლების განმავლობაში. სასაცილო იყო ეს მოჭრილი ტარიფი.

არ შეიძლება ადამიანს ამხელა შემოქმედება გქონდეს და შემოსავლის სახით სამ თვეში ერთხელ 2 ლარს გიხდიდნენ.

არაკეთისილდისიერი დამოკიდებულება იყო ავტორების მიმართ, ამას არ გაუვა წყალი. ეს არის  მთავარი, რომ თანხებს კრეფდა არაკეთილსინდისიერად, ჩემი აზრი არის ეს და არ გადავალ სხვა აზრზე.

კობალაძე როგორ კრეფდა თანხებს ეს თვითონ იცის, მაგრამ მე ვიცი როგორ ანაწილებდა – არანორმალურად, არაკეთილინდისიერად და არასწორად. ეს ნიშნავს იმას, რომ თავისთვის გააკეთა ეს საავტორო უფლებების ასოციაცია და არა ჩვენთვის. მოკლედ, ამ კაცის ლანძღვა არ არის ჩემს ინტერესში, ბედნიერი ვარ რომ წამოვედი იქიდან.

  • რა შეიცვალა „გერაში“, რომლის შექმნის ინიციატორები თავად მუსიკოსები იყავით?

მე ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავართ. როგორც კი დაიწყო ამაზე საუბარი, სიხარულით შევუერთდი ამ მოძრაობას და შეიცვალა თითქმის ყველაფერი. მე ვარ კმაყოფილი ამ ორგანიზაციაში მოღვაწეობით. ვურჩევ ყველას, მიიღონ გადაწყვეტილება და გადმოვიდნენ ჩვენთან. პარლამენტისგან ველით კეთილგანწყობას და იმედი მაქვს მოხდება ჩვენი ინტერესების დაცვა.

რუსა მორჩილაძემ პრობლემებზე პარლამენტის განათლების, მეცნიერების  და კულტურის კომიტეტის სხდომაზე გამართული დებტების დროსაც ისაუბრა: „მე არ მიყვარს საჯაროდ საყვედურების თქმა, მაგრამ ბატონი გიგა კობალაძე დამეთანხმება, რომ არაერთხელ ვცადე, ამ წლების განმავლობაში, გვესაუბრა ნორმის ფარგლებში, მაგრამ ამან შედეგი არასოდეს გამოიღო.

მიხარია, რომ მოვიდა ის დრო, როდესაც შემიძლია ავირჩიო ასოციაცია, რომელთანაც ვითანამშრომლებ, ვისი იმედიც მაქვს და ვისაც ვენდობი. ეს არის „გერა“.

მინდა ავღნიშნო, რომ ეს ასოციაცია ჩვენი ინიციატივით შეიქმნა, ჩვენ გვინდოდა ძალიან, ჩვენ შევიკრიბეთ და ეს არ არის უნმიშვნელო.

ბატონო გიგა, თქვენც უნდა დაინახოთ ის შეცდომები, რომლებიც ჩაიდინეთ ჩვენთან მიმართებაში. ეს რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ისევ ერთად ვიქნებოდით დღეს.

პარლამენტარებს გთხოვთ, განიხილოთ ეს საკითხი და სიცხადე შევიტანოთ კანონში, რომელიც მოგვცემს უფლებას მოვიქცეთ ისე, როგორც ჩვენ გვსურს და ვითანამშრომლოთ იმასთან, ვისთანაც გვინდა თანამშრომლობა“ – განაცხადა რუსა მორჩილაძემ.

Comments
Loading...