რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ 400 ადამიანი იძულებით შვებულებაში გაუშვა

50

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ დღეს 12 დეკემბერს 400 თანამშრომელი იძულებით შვებულებაში გაუშვა. ამის შესახებ ქარხანა ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

“დღეს 12 დეკემბერს რუსთავის მეტალურგიული ქარხანაში გაჩერდა ერთი ფოლადსადნობი ღუმელის კომპლექსი. წარმოების მოცულობის ეს შემცირება წინასწარ იყო განცხადებული. ეს არის ირანიდან უხარისხო დემპინგური არმატურის მოზღვავებული იმპორტის შედეგი.

15 ნოემბერს ძალაში უნდა შესულიყო საზღვარზე სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი, რაც შეაჩერებდა უხარისხო არმატურის იმპორტს. მთავრობის გადაწყვეტილებით კონტროლის შემოღებამ გადაიწია 15 იანვრამდე. წარმოების შემცირებამ გამოიწვია 400 თანამშრომელის იძულებით შვებულებაში გაშვება.

ქარხანა იმედს გამოთქვამს, რომ კონტროლის მექანიზმები შევა ძალაში უახლოეს მომავალში და შემდგომი სიმძლავრეების შემცირება არ გახდება აუცილებელი.” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა უხარისხო დემპინგური არმატურის იმპორტის შესახებ საჯაროდ გაზაფხულიდან საუბრობს. მიუხედავათ ამ საკითხს მიძღვნილი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორი სხდომისა, დემპინგური იმპორტის წინააღმდეგ ზომები არ იქნა მიღებული.

ბოლო სხდომაზე ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ, ხოლო ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ბატონმა მიხეილ დონდუამ განაცხადა, რომ ხარისხის კონტროლის მექანიზმი გადაიდო იმის გამო, რომ იმპორტიორებზე ფინანსურად უარყოფითად არ ასახულიყო.

Comments
Loading...