როგორი უნდა იყოს სკოლის სტრუქტურა და რა უნდა იყოს მისი პრიორიტეტი, ნიკო ბაგრატიონის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი, რუსუდან ამირეჯიბი, საკუთარ გამოცდილებასა და შეხედულებებს გვიზიარებს.
"ნიკო ბაგრატიონის სკოლა-ლიცეუმს, ჯერ მხოლოდ ერთი სემესტრია რაც ვხელმძღვანელობ. ვცდილობ ჩემი განათლება და გამოცდილება, რომელიც ამერიკაში, განათლების სისტემაში დავაგროვე მაქსიმალურად გამოვიყენო. ჩვენი სკოლის მთავარი მიზანია, ჩვენს მოწაფეებს არ სჭირდებოდეთ რეპეტიტორები. ცივილურ ქვეყნებში ეს დამამცირებელია, ნიშნავს, რომ სკოლა არ ვარგა. ბავშვს ვაძლევთ ისეთ განათლებას, რომ მათ აღარ დასჭირდეთ დამატებითი რეპეტიტორები უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად. ერთადერთი საგანია, რაშიც ჩვენი მოსწავლეები ემზადებოდნენ უნარჩვევები იყო, თუმცა, ახლა ჩვენ ამასაც ვასწავლით საგნის სახით. ჩვენთან ბავშვები ახერხებენ ყველაფერი შეისწავლონ ერთ სივრცეში. გვყავს უმაღლესი რანგის სპეციალისტები. ბავშვები გადიან სრულ კურსს, რაც საჭიროა ერთიანი ეროვნული თუ საატესტატო გამოცდების ჩასაბარებლად.
ამას გარდა, ჩვენ ვართ პირველი სკოლა, რომელმაც პრაქტიკაში განახორციელა ინგლისური ენის მოდელირებული სწავლება. ეს ნიშნავს იმას, რომ თითო კლასს ჰყავს სამი ინგლისურის პედაგოგი, ერთი გრამატიკულ ნაწილში, მეორე ლექსიკის, მესამე კი სასაუბრო ენის სპეციალისტი. არასდროს ვცდილობთ, მშობლები გავხადოთ რეკლამის მსხვერპლნი. ვერ შევეჯიბრებით სხვა კერძო სკოლებს ინფრასტრუქტურით, და ფართის სიდიდით, თუმცა სწავლის დონე, ჩვენთან გაცილებით მაღალია. ეს არის სკოლა, სადაც მართლა ასწავლიან.
მშობლების ჩართულობა პროცესში არის ძალიან მაღალი და ეს ჩვენთვის დიდი დახმარებაა. გვაქვს მშობელთა ბორდი. ყოველთვის ვითვალისწინებთ მათ შენიშვნებს. ვცდილობთ გამოვასწოროთ ის, რაც დასახვეწია და გავაორმაგოთ ის შედეგი, რაც ძალიან მოსწონთ.
განსაკუთრებული მიდგომა გვაქვს ასევე პირველკლასელების მიმართ. მათი პირველი დღე, ხომ დაუვიწყარია სკოლაში. მოსვლისას მულტფილმის გმირებს ვახვედრებთ. მათ ხვდებიან უმაღლესი სპეციალობის მქონე პედაგოგები. ფსიქოლოგი, რომელიც თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურად ესაუბრება და ეხმარება ადაპტაციაში. დაწყებითი კლასის მოსწავლეები, ძირითადი საგნების გარდა, ცალკე შეისწავლიან ხელოვნების ისტორიას, მხატვრებს, პოეტებს და სხვა ცნობილ ადამიანებს. ამზადებენ სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს. ეს ზრდის მათ ინტელექსტს და ხდის მეტად ერუდირებულს", – განაცხადა რუსუდან ამირეჯიბმა
მისივე თმით, სასწავლო პროგრამის გარდა, სკოლის ბავშვები დამატებით ეუფლებიან ქართულ ცეკვებს, ხრიდოლს, ცურვას, ხოლო ჭადრაკი სკოლაში ისწავლება საგნის სახით.
ნიკო ბაგრატიონის სკოლა-ლიცეუმი, რამდენიმე წლის წინ საქართველოს პატრიარქმა აკურთხა. სკოლა მომავალ წელს 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. დირექტორის თქმით, მათი მიზანია ბავშვებს მისცენ ხარისხიანი განათლება და წარმატებით გააგრძელონ ის რეფორმა, რომელიც ქართველმა დიდგვაროვნებმა განათლების კუთხით განახორციელეს.