2019 წლის 3 იანვრიდან ძალაში შევიდა საფასური საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის გავლის მომსახურებისთვის, რომლის ღირებულებაც განისაზღვრა 2 (ორი) ლარის ოდენობით. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს განცხადებას “საქართველოს ფოსტა” ავრცელებს.
“გაცნობებთ, 2019 წლის 3 იანვრიდან ძალაში შედის საფასური საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის გავლის მომსახურებისთვის, რომლის ღირებულებაც განისაზღვრება 2 (ორი) ლარის ოდენობით. ამასთან, თუ თქვენ ისარგებლებთ საქართველოს ფოსტის დამატებითი სერვისით “გზავნილის ჩაბარება ადრესატის მისამართზე კურიერის საშუალებით”, საფასურის გადახდის შესაძლებლობა მოგეცემათ გზავნილის თქვენთვის სასურველ მისამართზე ჩაბარებისას, დამატებითი სერვისის საფასურის გადახდასთან ერთად.
საფასურის გადახდას ექვემდებარება მხოლოდ საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილები, რომელთა შიგთავსს წარმოადგენს საქონელი და იგზავნება მარტივი ან Express/Tracked კატეგორიის მცირე პაკეტის და საჰაერო ამანათის ფორმით. ასეთ გზავნილთა კოდი იწყება ლათინური ასოებით U, L, C ან რიცხვით 03. ზემოთ აღნიშნული კატეგორიის გზავნილები ძირითად შემთხვევაში განეკუთვნებიან ელექტრონული კომერციის გზავნილთა კატეგორიას.
საფასურის გადახდისაგან განთავისუფლებულია შემდეგი სახეობის საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილები:
• ნებისმიერი სახეობის საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილი, რომლის შიგთავსსაც არ წარმოადგენს საქონელი;
• გზავნილი, რომელიც დაექვემდებარება სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას; საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
• საფოსტო გზავნილი, რომელიც “საქართველოს ფოსტას” და საბოლოოდ ადრესატს; გადაეცემა დაზიანებულ მდგომარეობაში;
• საქართველოს ფოსტის პროდუქტი “სახმელეთო ამანათი”;
• საფოსტო გზავნილი, რომლის ჩაბარებაზეც უარს განაცხადებს ადრესატი.
საფასურის გადახდას დაქვემდებარებული გზავნილების ადრესატისათვის ჩაბარების მიზნით, საქართველოს ფოსტის ქსელში გზავნილის შემოსვლის შემდეგ ადრესატს გაეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება. შეტყობინების ტექსტი მოიცავს ინფორმაციას თუ როდის და სად შეუძლია ადრესატს გზავნილის მიღება.
თუ ადრესატის გზავნილი არ შეიცავს მობილური ტელეფონის ნომერს, შეტყობინება გზავნილის “საქართველოს ფოსტის” ქსელში მიღების შესახებ კურიერის მიერ მოთავსდება ადრესატის სააბონენტო საფოსტო ყუთში, ხოლო ასეთი ყუთის არარსებობის შემთხვევაში, შეტყობინების დატოვება მოხდება ადრესატის კარზე ან მის მიმდებარედ გამოსაჩენ ადგილას.
გზავნილის მიღება შესაძლებელია საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრში, მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, ადრესატის ან მისი მინდობილი სრულწლოვანი პირის მიერ, რომელიც წარმოადგენს საკუთარ და ადრესატის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ან მის სხვა მაიდენტიფიცირებელ საბუთს) და გადაიხდის საფასურს”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.