სამეგრელოს, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში ახალგაზრდული საგანმანათლებლო პროგრამა – ,,ჰიგიენის მცველები“ გრძელდება

17

გაეროს ბავშვთა ფონდი, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრთან (CSDC) პარტნიორობითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით,  სამეგრელოს, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში აგრძელებს საგანმანათლებლო პროგრამას ,,ჰიგიენის მცველები“.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები და ღონისძიებები. პირველი ეტაპი ითვალისწინებს მოზარდებისთვის  ინტენსიური ტრენინგების  ჩატარებას – ჰიგიენის დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის თემებზე. დარგის ექსპერტები, მოზარდებს გაუზიარებენ საერთაშორისო გამოცდილებას და პრაქტიკას.  სასწავლო პროგრამის მიზანია  ,,ჰიგიენის მცველებმა“ გააცნობიერებენ თავიანთი როლები და პასუხისმგებლობები, მოახდინონ მიღებული ცოდნისა და უნარების საზოგადოებამდე სწორად მიტანა. ასევე,  მოზარდები  გაეცნობიან კლუბური საქმიანობის არსს, მენტორების დახმარებით  ჩამოაყალიბებენ კლუბებს და დაგეგმავენ შემდგომ შემოქმედებით-საგანმანათლებლო აქტივობებს.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სამივე რეგიონში იმოგზაურებს სკოლის მოდელზე დაფუძნებული მობილური  ჰიგიენის ჰაბი. სპეციალურად აღჭურვილი მიკრო ავტობუსის საშუალებით მოზარდები თანატოლებს გაუზიარებენ სახალისო აქტივობებსა და თამაშებს ჰიგიენის დაცვის საკითხებზე.

პროგრამის მიზანია კოვიდ 19-ის პრევენციისა და ჰიგიენის დაცვის ხელშეწყობა, 12-17 წლის მოზარდების ინფორმირება უსაფრთხო ჰიგიენის პრაქტიკებისა და სწორი ჰიგიენური ქცევითი უნარ-ჩვევების შესახებ, სხვადასხვა შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებების საშუალებით.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი 2010 წლიდან ახალგაზრდულ თემატიკაზე მუშაობს და აქტიურად ახორციელებს  საგანმანათლებლო პროგრამებს სოციალურად დაუცველი სხვადასხვა ჯგუფის ბავშვებისათვის.

Comments
Loading...