საქართველოსა და კორეას შორის საზღვაო-სანავიგაციო უზრუნველყოფის კუთხით მემორანდუმი გაფორმდა

153

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და კორეის რესპუბლიკის საოკეანო და თევზჭერის სამინისტროს  შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მხარეებს წარმოადგენენ კორეის საზღვაო საქმეთა და უსაფრთხოების ბიურო და  სსიპ "საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური".

მემორანდუმი ითვალისწინებს ქვეყნებს შორის საზღვაო-სანავიგაციო უზრუნველყოფის კუთხით მჭიდრო თანამშრომლობას, სასწავლო კურსებსა და კონფერენციებში მონაწილეობას.  დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს თანამშრომელთა ურთიერთგაცვლით პროგრამებსა  და სამუშაო პრაქტიკის გაზიარებას ნავიგაციის დამხმარე საშუალებების გასავითარებლად, რათა საზღვაო ტრანსპორტირებისას საზღვაო  ინცინდენტების პრევენციის გზით მოხდეს ადამიანის სიცოცხლის, ქონებისა და გარემოს დაცვა.

მემორანდუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის" დელეგაციის კორეის ქალაქ ინჩონში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა – დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის (IALA)-ს რიგით მე-19 კონფერენციაში.

კონფერენციაზე განხილულ იქნა მსოფლიო ზღვებსა და ოკეანეებში  უსაფრთხო ნაოსნობასთან დაკავშირებული თემები, ასევე  IALA-ინდუსტრიული წევრი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი იყო  ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენა. კონფერენციის ფარგლებში  ჩატარებული იქნა IALA -ს საბჭოს არჩევნები, სადაც საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორი რევაზ ბაბილუა ორგანიზაციის სხვა წევრი ქვეყნების მიერ დელეგირებული იყო  დამკვირვებლის სტატუსით.

Comments
Loading...