საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 15.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

471

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 15.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მშპ-ს 108.2 პროცენტია; 2016 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 149.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ვალი ოპერაციული და სხვა ცვლილებების გამო 496.2 მლნ აშშ დოლარით და 37.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასისა და საკურსო ცვლილებების გამო შესაბამისად 45.7 და 338.7 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 6.6 მლრდ აშშ დოლარი, რაც მშპ-ს 46.1 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.7 მლრდ აშშ დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 200.3 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად – 871.8 მლნ აშშ დოლარი და 855.9 მლნ აშშ დოლარი.

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.1 მლრდ აშშ დოლარი, სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 5.1 მლრდ აშშ დოლარი და კომპანიათაშორისო ვალმა – 2.4 მლრდ აშშ დოლარი. მთლიანი საგარეო ვალის 93.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 9.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, 2016 წლის წლიური მშპ-ს 66.1 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.8 მლრდ აშშ დოლარია, რაც მშპ-ს 26.6 პროცენტია.

2016 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 10.5 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 2.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და საკურსო ცვლილებების გამო კლებამ  7.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წლის მეოთხე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 200.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 193.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

Comments
Loading...