საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2016 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 15.3 მილიარდი აშშ დოლარი (35.7 მილიარდი ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 108.8 პროცენტია; 2016 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 173.2 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ვალი ოპერაციული ცვლილებების გამო 108.6 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 6.5 მილიარდი აშშ დოლარი (15.0 მილიარდი ლარი), რაც მშპ-ს 45.8 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.6 მილიარდი აშშ დოლარი (10.8 მილიარდი ლარი; მშპ-ს 33.0 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 210.8 მილიონი აშშ დოლარი (491.1 მილიონი ლარი; მშპ-ს 1.5 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად – 901.0 მილიონი აშშ დოლარი (2.1 მილიარდი ლარი; მშპ-ს 6.4 პროცენტი) და 697.2 მილიონი აშშ დოლარი (1.6 მილიარდი ლარი; მშპ-ს 4.9 პროცენტი).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.0 მილიარდი აშშ დოლარი (7.1 მილიარდი ლარი; მშპ-ს 21.5 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 5.0 მილიარდი აშშ დოლარი (11.7 მილიარდი ლარი; მშპ-ს 35.7 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 2.4 მილიარდი აშშ დოლარი (5.6 მილიარდი ლარი; მშპ-ს 17.1 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 93.4 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2016 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 9.3 მილიარდი აშშ დოლარი (21.6 მილიარდი ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 65.7 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.6 მილიარდი აშშ დოლარია (8.3 მილიარდი ლარი), რაც მშპ-ს 25.3 პროცენტია.
2016 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 2.7 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 2.2 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა და საკურსო ცვლილებების გამო კლებამ 467.3 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 210.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 201.0 მილიონი აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა , რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.