საქართველოს სახელმწიფო ბალეტი საგასტროლოდ იაპონიაში მიემგზავრება

455

12 მარტს ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის საბალეტო დასი, ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, იაპონიაში გასტროლზე მიემგზავრება. ტოკიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ ბუნკა კაიკანის თეატრში საბალეტო დასი  სპექტაკლებს 16,18, 19 და 20 მარტს გამართავს.

ნინო ანანიაშვილი და საქართველოს სახელმწიფო ბალეტი იაპონელი მაყურებლის წინაშე ორი განსახვავებული პროგრამით გამოვა.

პირველ პროგრამაში იაპონელი მაყურებელი ნახავს ადაჯოს პიოტრ ჩაიკოვსკის ბალეტიდან „გედების ტბა“ (ალექსეი ფადეეჩევის რედაქცია), ჯორჯ ბალანჩინის ერთმოქმედებიან ბალეტს „სერენადა“ და გრანდ დივერტისმენტს პიოტრ ჩაიკოვსკის ბალეტიდან „მძინარე მზეთუნახავი“ (ნინო ანანიაშვილის და ალექსეი ფადეეჩევის რედაქცია).

მეორე პროგრამაში საქართველოს სახელმწიფო ბალეტი წარმოადგენს მიხაილ ფოკინის ერთმოქმედებიან ბალეტს „ვარდის ზმანება“, ირჟი კილიანის ბალეტს „პეტიტ მორტ“, ჯორჯ ბალანჩინის ბალეტს „მოცარტიანა“, პა დე დეს ბალეტიდან „ყვავილების ფესტივალი ჯენცანოში“ (აუგუსტ ბურნონვილის ქორეოგრაფია) და საბალეტო მინიატურას „ტაისი“ (ფრედერიკ ეშტონის ქორეოგრაფია).

პროგრამა დასრულდება გრანდ დივერტისმენტით ლუდვიგ მინკუსის ბალეტიდან „დონ კიხოტი“.

გალა-კონცერტები ტოკიოში გაიმართება სახელწოდებით: „ნინო ანანიაშვილის ბოლო კლასიკური გალა“.

ნინო ანანიაშვილი იაპონიაში იცეკვებს პა დე დეებს ბალეტებიდან „გედების ტბა“,  „მძინარე მზეთუნახავი“ და „დონ კიხოტი“. პრიმა-ბალერინას პარტნიორობას გაუწევენ ამერიკის საბალეტო თეატრის (ABT) წამყვანი სოლისტი მარსელო გომესი და მოსკოვის დიდი თეატრის (Bolshoi) პრემიერი ალექსანდრ ვოლჩკოვი. მიხაილ ფოკინის ბალეტში „ვარდის ზმანება“ ნინო ანანიაშვილი საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვან სოლისტთან იონენ ტაკანოსთან ერთად იცეკვებს.

საგასტროლო პროგრამაში გამოვლენ საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სოლისტები: ნუცა ჩაკურაშვილი და კარინ ვაშიო (პა დე დე ბალეტიდან „ყვავილების ფესტივალი ჯენცანოში“), ეკატერინე სურმავა („ტაისი“ და „მოცარტიანა“), ნინო სამადაშვილი, ნუცა ჩეკურაშვილი, დავით ანანელი და ფრენკ ვან ტონგერენი („სერანადა“).

სპექტაკლებს იაპონელი მაყურებლისთვის კარგად ცნობილი დირიჟორი, უკრაინის სახალხო არტისტი ალექსეი ბაკლანი უდირიჟორებს.

საქართველს სახელმწიფო ბალეტის თბილისში 21 მარტს დაბრუნდება.

საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა იაპონიაში ბოლო ათი წლის მანძილზე ოთხი გასტროლი (2007, 2010, 2012 წ.წ.) გამართა.

Comments
Loading...