საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ყაზახეთთან ამხანაგური მატჩი 260 ათას ლარზე მეტი დაუჯდა

449

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, 29 მარტს, „დინამო არენაზე“ საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრები გუნდების ამხანაგური დაპირისპირება ზუსტად 260 ათას 624 ლარი დაუჯდა.

ამის შესახებ, "აიპრესს" ინფორმაცია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

როგორც ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიდან ირკვევა, ეს თანხა, სამინისტრომ ფედერაციას სწორედ 29 მარტს გადაურიცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში შედგა სლოვაკი სპეციალისტის, ვლადიმირ ვაისის დებიუტი, რომელმაც ეროვნული გუნდი შეკრებაზე სასტუმრო „ჰუალინგში“ 22 მარტიდან გადაიყვანა და იქ 29 მარტამდე დაჰყო.

როგორც თავად კობიაშვილმა ინტერვიუში განმარტა, "ჰუალინგი" სფფ-ს ძალიან დიდ შეღავათს უკეთებს და ფაქტიურად უფასოდ აცხოვრებს ნაკრებს სასტუმროში. ფედერაციას თანხის გადახდა დასჭირდებოდა მოედნის ქირაობისთვის. ეს მოედანი კი სკ "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზა იყო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ, უფრო დეტალური ხარჯთაღიცხვას „აიპრესი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

საქართველომ ყაზახეთთან შეხვედრა, ფრედ – 1:1 დაასრულა.

Comments
Loading...