საქართველოში ნახშირწყალბადების პოტენციალის შესახებ ანგარიშს კომპანია “ტოტალი” მოამზადებს

68

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და ფრანგულ კომპანია “ტოტალს” შორის გეოლოგიური და გეოფიზიკური მასალების შესწავლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვით “ტოტალი” ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან ერთად შეაფასებს საქართველოს საზღვაო და სახმელეთო ტერიტორიის ნახშირწყალბადების პოტენციალს. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსი გიორგი ტატიშვილი აცხადებს, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია “ტოტალთან” თანამშრომლობაძალიან მნიშვნელოვანია.

“ამ ხელშეკრულების საფუძველზე, სააგენტოს მიერ გადაცემული მასალების შესწავლის შედეგად კომპანია „ტოტალი“ და სააგენტო ერთობლივად შეძლებენ ქვეყანაში ნავთობისა და გაზის სამომავლო აღმოჩენების პოტენციალის განსაზღვრას”, – აცხადებს ტატიშვილი.

საქართველოში ნახშირწყალბადების პოტენციალის შესახებ საბოლოო ანგარიშს კომპანია 2019 წლის ივნისში დაასრულებს და სააგენტოს გადასცემს.

Comments
Loading...