საჯარო მოხელეები გეოგრაფიული აღნიშვნების იურიდიულ ასპექტებს განიხილავენ

486

დღეს, საჯარო მოხელეებმა და ექსპერტებმა საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების იურიდიულ და ინსტიტუციურ ასპექტებზე იმსჯელეს. შეხვედრა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ იქნა ორგანიზებული, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის მხარდაჭერით.

გეოგრაფიული აღნიშვნა  სურსათის ხარისხის  ნიშანს წარმოადგენს, რომელიც პროდუქტის გეოგრაფიულ წარმომავლობას უსვამს ხაზს. ამგვარი პროდუქტი ასოცირებულია როგორც მისი წარმოშობის ადგილთან, ასევე წარმოების ტრადიციულ მეთოდებთან. გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე პროდუქტი საერთაშორისო დონეზე ინტელექტიუალური საკუთრების უფლებით არის დაცული, რაც მას გაყალბებისგან იცავს. გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის დანერგვა პროდუქტის სერტიფიცირებასა და მისი ხარისხის კონტროლს მოიცავს. საქართველოში უკვე რეგისტრირებულია 40-ზე მეტი გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე პროდუქტი. მათ შორისაა – ჭაჭა, ჩურჩხელა, მესხური ჩეჩილი, მეგრული სულგუნი, მაჭახელას თაფლი და ახალციხის კარტოფილი. თუმცა, რეგისტრაციის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ მომხდარა აღნიშნული პროდუქტისგან მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მიღება.

იმისთვის რომ გეოგრაფიული აღნიშვნების მქონე პროდუქტს მეტი წვდომა ჰქონდეს ბაზრებზე და მეტი სარგებელი მოუტანოს მწარმოებელს, FAO-ENPARD-ის გუნდის ექსპერტებმა რეკომენდაციები წარმოადგინეს.

„საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია გეოგრაფიული აღნიშვნების კუთხით. ჩვენ გვაქვს გამორჩეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები – ყველი, თაფლი, თხილი და სხვადასხვა სახის ბოსტნეული. იმისათვის რომ პროდუქტი უფრო პოპულარული და შემოსავლიანი გავხადოთ, უნდა დავხვეწოთ რეგულაციები და ინსტიტუციები, რომლებიც მათ სერტიფიცირებასა და ხარისხის კონტროლს მოახდენენ. ჩვენ დღეს შეკრებილ მწარმოებლებსა და ინსტიტუციების წარმომადგენლებს ამ პროცესის გამართვისთვის აუცილებელ რეკომენდაციებს ვთავაზობთ“, – განაცხადა FAO-ENPARD-ის პროექტის მენეჯერმა ლაშა დოლიძემ. 

FAO-ს მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები დისკუსიით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, ღვინის ეროვნული სააგენტოს და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს.

გეოგრაფიული აღნიშვნების პროექტი წარმატებით განხორციელდა FAO-EBRD-ის მიერ ევროპისა და ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანაში. უახლოეს მომავალში EBRD საქართველოში სამწლიან პროექტს განახორციელებს რძის პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ.

„საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის ეფექტიანობის გაუმჯობესება და ეფექტური მარკეტინგული სტრატეგია საშუალებას მოგვცემს პროდუქტის ხარისხისა და უვნებლობის სტანდარტი გავზარდოთ. ეს, თავის მხრივ, მომხმარებლის ნდობას აამაღლებს ხარისხის ნიშნის მქონე პროდუქტის მიმართ. ამის მიღწევა შესაძლებელია გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის მეშვეობით და პროდუქტის დამატებითი ღირებულების გაზრდით“, – განაცხადა EBRD-ს აგრარულ საკითხთა მთავარმა მრჩეველმა ვიქტორია ზინჩუკმა.

შეხვედრისა და დისკუსიის შედეგებს FAO-EBRD-ს გუნდი რძის სექტორის გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემისთვის სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად გამოიყენებს.

გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის დანერგვას საქპატენტი ახორციელებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნიკური დახმარებით.

Comments
Loading...