2018 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინფლაციამ 2.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონე 0.3 პროცენტით გაიზარდა.
სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ყველაზე აღსანიშნავი მწვანილისა და ვაშლის ფასების ცვლილებაა. მწვანილი 34 პროცენტით გაიაფდა, ხოლო ვაშლი 18 პროცენტით გაძვირდა.
ერთჯერადი ფაქტორებიდან კვლავ ძალაში რჩება 2018 წლის იანვრიდან წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადის გაძვირება. აღნიშნული კომუნალური გადასახადების მატების გავლენამ წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე სექტემბერში 0.2 პპ შეადგინა.
სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ სურსათის ჯგუფში 1.7 პროცენტი, ხოლო მისმა გავლენამ ინფლაციის მაჩვენებელზე 0.5 პპ შეადგინა.
გასულ წელთან შედარებით გაძვირდა ძროხის ხორცი, პური და კარტოფილი (შესაბამისად 4.9, 3.3, და 10.1 პროცენტით). იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროდუქტების წონა სამომხმარებლო კალათაში მნიშვნელოვანია, ჯამურად მათი წვლილი ინფლაციაში 0.3 პპ გაუტოლდა. 24 და 18 პროცენტით გაიაფდა ვაშლი და შაქარი, ხოლო ამ პროდუქტების უარყოფითმა წვლილმა ინფლაციაში 0.3 პპ შეადგინა.
სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია საწვავის და თამბაქოს გაძვირება. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროდუქტებზე გასულ წელს აქციზის გადასახადის მომატების ეფექტი ამოიწურა, მათი გაძვირების გავლენა სექტემბრის წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე კვლავ მაღალი იყო. კერძოდ, თითოეული
მათგანის წვლილმა, შესაბამისად, 0.8 და 0.3 პპ შეადგინა. საწვავის გაძვირება მსოფლიოში ნავთობის ფასების მატებას უკავშირდება.
საწვავზე შედარებით მაღალი ფასების გამო, საბაზო ინფლაცია სექტემბერში მთლიან ინფლაციასთან შედარებით კვლავ დაბალი იყო და 1.7 პროცენტს შეადგენდა. საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ფასების დონის გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის.