სილქნეტმა 34 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები გამოუშვა

355

სს სილქნეტმა "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად 34 მილიონი ლარის ოდენობის 5 წლიანი ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციების განთავსებიდან მიღებული თანხით არსებული საბანკო კრედიტის შესაბამისი ოდენობით რეფინანსირება მოხდა. ობლიგაციები საქართველოში არსებულმა ბანკებმა შეიძინეს.

ობლიგაციების წლიური სარგებელი (კუპონი) ცვლადია და შეადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებულ 3.5%-ს, ხოლო სარგებლის გადახდა ხორციელდება კვარტალურად.   კომპანია ობლიგაციების საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებას (ლისტინგს) გეგმავს.

ობლიგაციების გამოშვების პროცესში განთავსებისა და გაყიდვის აგენტები იყვნენ თიბისი კაპიტალი, სილქ როუდ ბანკი და S. Pierce Advisors, ხოლო იურიდიული მრჩეველი იყო Dentons.

"სილქნეტი ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანია და პირველი სატელეკომუნიკაციო ოპერატორია საქართველოში, რომელმაც ლარში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა.  საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით სილქნეტი აღრმავებს წვდომას.  ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე, რაც კომპანიას დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და სამომავლო ზრდის უზრუნველყოფის საშუალებას მისცემს.  მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებსა და მრჩევლებს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯში მონაწილეობისთვის", განაცხადა კომპანია "სილქნეტის" სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსმა ილია ენუქაშვილმა.

სააქციო საზოგადოება "სილქნეტ" საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის  ლიდერი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ინტერნეტს, სატელევიზიო, ფიქსირებულ სატელეფონო და ბიზნეს სატელეკომუნიკაციო სერვისებს აწვდის. კომპანიას Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს B+ გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი.  2017 წლის 6 თვის მონაცემებით (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია), სილქნეტი  საქართველოს ფიქსირებული ინტერნეტ სეგმენტის  41%, მაუწყებლობის ტრანზიტის (pay TV) სეგმენტის 30% და ფიქსირებული ტელეფონიის სეგმენტის 48%-ს ფლობს.

Comments
Loading...