დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების სააგენტოს ტექნოპარკში, სკანდინავიურ – ბალტიური რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტების თავმჯდომარეები ეწვივნენ.
სტუმრებმა დაათვალიერეს ტექნოპარკის სივრცე და სააგენტოს პროგრამებსა და პროექტებს გაეცნენ. ასევე, შედგა ორმხრივი შეხვედრა, სადაც ისაუბრეს ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების კუთხით.
შეხვედრის მიზანი იყო ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრ ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და სტარტაპების განვითარების კუთხით. ასევე, NB8-ის წევრი ქვეყნებისგან გამოცდილების გაზიარება და ჩვენი ქვეყნის სტარტაპებსა და მათ სტარტაპებს შორის მჭიდრო კავშირი.
მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს ჰქონდეთ ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც, ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინოვაციების სააგენტოს მიერ განხორციელდა.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: დანიის პარლამენტის (ფოლკეტინგი) თავმჯდომარე, პია კარსგაარდი; ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუ) თავმჯდომარე, ეიკი ნესტორი; ლატვიის სეიმის თავმჯდომარე, ინარა მურნიეცე; ლიტვის სეიმის თავმჯდომარე, ვიქტორას პრანცკიეტისი; ნორვეგიის პარლამენტის (სტორტინგი) თავმჯდომარე, ოლემიკ ტომესენი, ასევე, ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არტო სატონენი და ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სტეინგრიმურ სიგფუსონი, შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარტინა ქვიქი.
ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების დელეგაცია საქართველოს 20 მარტს ეწვია. დელეგაციის წევრებს, ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებსა და ვიცე-სპიკერებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შეხვდა. შეხვედრის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ და მისმა კოლეგებმა პრესისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და ვიცე-სპიკერები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ, ვიქტორ დოლიძესთან. დაგეგმილია შეხვედრა, ასევე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორესთან.