სოციალური მომსახურების გაუმჯობესების თემაზე კონფერენცია გაიმართა

10

გუშინ, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG), ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან ერთად უფლებებზე დაფუძნებულ სოციალური მომსახურების ეროვნულ კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მიზანიც შეზღუდული შესაძლებლობების პირებისა და ხანდაზმულებისთვის სოციალური მომსახურების გაუმჯობესებისთვის შექმნილი ინოვაციური და საქართველოს რეალობისთვის უნიკალური მიდგომის წარდგენა იყო.

CSRDG-ს ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად შეიქმნა „უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების“ სახელმწიფო სტანდარტები, რომლის ელემენტებიც 7 მუნიციპალიტეტში, სოციალური მომსახურების მიმწოდებელ რვა ორგანიზაციაში საპილოტედ დაინერგა. ეს უმნიშვნელოვანესი წამოწყება ეფუძნება სოციალური მომსახურების მიმღებსა და გამცემს შორის თანასწორუფლებიანობას, ურთიერთპატივისცემასა და ღირსების დაცვას, რაც ამ მიდგომას გამოარჩევს ძველი პრაქტიკებისგან და ის ხელშესახებ შედეგს ქმნის შშმ პირებისა და ხანდაზმულების კეთილდღეობაში.

უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების ეროვნული კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი, მერი მაღლაფერიძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს წარმომადგენელი ნინო ჯინჯოლავა, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აღმასრულებელი დირექტორი, ეკა ურუშაძე. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა.

მოწვეულ სტუმრებს „უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ პრეზენტაცია CSRDG-ის სოციალური მომსახურების განვითარების პროგრამის კოორდინატორმა, ზურაბ ტატანაშვილმა გააცნო.

კონფერენციაზე განიხილეს საქართველოში სოციალური მომსახურების სფეროს განვითარების პერსპექტივები, უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების უპირატესობები და ამ მიმართულებით მიღებული ცოდნა და გამოცდილება.

ღონისძიებას დაესწრნენ წარმომადგენლები სახელმწიფო უწყებებიდან, სამოქალაქო სექტორიდან, სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციებიდან, ასევე სფეროში ჩართული სხვადასხვა პროფესიონალები.

კონფერენციის ფარგლებში, სფეროში ჩართულმა მხარეებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის მიზანია უფლებებზე დაფუძნებული მომსახურების განვითარება და მისი ფართოდ დანერგვის ხელშეწყობა. დეკლარაციაზე ხელმოწერა საჯაროდ დააფიქსირეს ეკა ურუშაძემ, ნინო ჯინჯოლავამ და მერი მაღლაფერიძემ. დეკლარაციაზე ხელმოწერის შესაძლებლობა კონფერენციის ყველა მონაწილეს მიეცა.

მერი მაღლაფერიძის შეფასებით, აღნიშნული მოდელი მნიშვნელოვანი და ახლებური მიდგომაა. პროექტმა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მისცა შესაძლებლობა, გაეკეთებინა სხვადასხვა სერვისებში პილოტირება, ასევე დავინახეთ ის გამოწვევები რაც შეიძლება სისტემას ჰქონდეს აღმოსაფხვრელი მოდელის საბოლოო დანერგვისათვის. მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა სერვისში მოქალაქის ჩართვისას გათვალისწინებული იქნას ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროება და მიეწოდოს მასზე მორგებული სერვისი. მოდელი ინტეგრირდეს და სწორედ იმ ინდიკატორებზე დაყრდნობით სააგენტომ შეძლოს მომსახურების ხარისხის გაზომვა.

აღსანიშნავია, რომ პროექტს ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ევროკავშირის მხარდაჭერით ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან და საქართველოს საზოგადოებრივ ინტერესთა დაცვის ასოციაციასთან ერთად.

Comments
Loading...