ვენესუელაში მიმოქცევაში ახალი ვალუტა ჩაეშვა, რაც ქვეყანაში ქაოსის მორიგი მიზეზი გახდა.
ახალი ბანკნოტების მისაღებად, რომლებსაც სუვერენული ბოლივარული ჰქვია, მოქალაქეები რიგებში ჩადგნენ. ძველი ბანკნოტები კი, ჰიპერინფლაციის შედეგად გაუფასურდა.
ვენესუელის ხელისუფლება, ახორციელებს მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ დევალვაციას, რომლის შედეგადაც, ბოლივარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 96%-ით დაიწევს.
თუ 17 აგვისტოს, ვენესუელის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლარზე 248 ათას ბოლივარს შეადგენდა, ახალი დადგენილი კურსი ერთ დოლარზე 6 მილიონი ბოლივარი იქნება, რაც 24-ჯერ განსხვავებულ მაჩვენებელს წარმოადგენს.
ქვეყანაში სავალუტო რეფორმის გატარების შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
"მინდა, რომ ქვეყანა აღდგეს და ამისთვის შესაბამისი რეცეპტი მაქვს, მენდეთ", – აცხადებს ნიკოლას მადურო.
ბრუნვაში უნდა ჩაეშვას 200 ბოლივარის ახალი კუპიურები, რომლებზეც ქვეყნის ეროვნული გმირი ფრანსისკო დე მირანდა იქნება გამოსახული და აგრეთვე 500 ბოლივარის კუპიურებიც, რომლებზეც თავად სიმონ ბოლივარი იქნება აღბეჭდილი. გარდა ამისა, დიდი დროის შემდეგ, ბრუნვაში ქვეყანა მონეტებს დააბრუნებს.