“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” 2016 წლის კვლევას “საქართველოს სარეკლამო ბაზარი” აქვეყნებს. პროექტი ხორციელდება “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის (ACCESS) პროექტის ფარგლებში.
ანგარიშის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”. როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აღნიშნავს, ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.
კვლევის მიხედვით, 2015 წელს მაუწყებელთა სარეკლამო შემოსავლებმა მნიშვნელოვნად იკლო. ტელევიზიების მიერ დეკლარირებული სარეკლამო შემოსავლები 2015 წელს, წინა წელთან შედარებით 33%-ით შემცირდა (47,3 მილიონი აშშ დოლარიდან 32 მილიონ აშშ დოლარამდე.) რადიოსადგურების სარეკლამო შემოსავლები კი 4,8 მილიონი აშშ დოლარიდან 4,1 მილიონ აშშ დოლარამდე დაეცა. ეს კლება რთული ეკონომიკური გარემოთი და ლარის დევალვაციითაა განპირობებული, თუმცა მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს მაუწყებლობის სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები (ცვლილებებით შემცირდა ერთ საათში დასაშვები რეკლამის წუთობრივი მაქსიმუმი ), რომლებიც მოკლე ვადებში ამოქმედდა.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, ასევე დარეგულირდა ტელე და რადიო სივრცეში პროდუქტის განთავსება, რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. სავალდებულო გახდა გადაცემებში კომერციული ელემენტების შესაბამისი აღნიშვნა, რათა აუდიტორიამ შეძლოს მათი ამოცნობა და მათ აღარ იმოქმედონ პროგრამის შინაარსზე. როგორც კერძო სექტორის, ისე სამთავრობო უწყებების მიერ განთავსებული ფასიანი მასალების შესაბამისი აღნიშვნა ხშირად არ ხდება, განსაკუთრებით ბეჭდვით და ონლაინ მედია საშუალებებში, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამ პრობლემის აღმოფხვრა თვითრეგულირების, საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგის სპეციალისტებისა და მედია წარმომადგენლების პროფესიული თუ ეთიკური სტანდარტების ამაღლების გზით უნდა მოხდეს.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, ამჟამად საქართველოში სატელევიზიო აუდიტორიას ორი კომპანია იკვლევს, რაც, სავარაუდოდ, არ არის საკითხისადმი რაციონალური მიდგომა. ის გარემოება, რომ ამ კომპანიების მიერ მომზადებული რეიტინგები ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავდება, ბაზარზე, დიდი ალბათობით, გაურკვევლობას გამოიწვევს. სარეკლამო შემოსავლების შემცირების ფონზე სახელისუფლებო ორგანოებთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები ზოგიერთი ადგილობრივი მედიასაშუალებისათვის დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტებსა და მედიასაშუალებებს შორის გაფორმებული ზოგიერთი ხელშეკრულება “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პრობლემურად მიაჩნია. შეშფოთებას იწვევს ის ფაქტიც, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკრაინაში, რუსეთსა და ბელარუსში საქართველოს ტურისტული პოტენციალის პროპაგანდის მიზნით უკანასკნელი თვეების განმავლობაში 1,4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა ფიქტიურ კომპანიებთან, რომლებიც, სავარაუდოდ, საგანგებოდ ამ კონტრაქტების გასაფორმებლად შეიქმნა.