დევნილთა სამინისტრო საქართველოში დაკავებული უკრაინელი მარტოხელა დედისთვის ირინა სავიცკაიასთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხს თვის ბოლომდე გადაწყვეტს.
თავშესაფრის მინიჭების საკითხზე დღეს დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სავიცკაია რუსთავის ქალთა მე-5 კოლონიაში მოინახულეს, სადაც მასთან დეტალური გასაუბრება გამართეს.
ვიდრე უწყების წარმომადგენლები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, სავიცკაის მხარდამჭერებმა ქალთა მე-5 კოლონიასთან მცირე აქცია გამართეს. ადგილზე სავიცკაიას მეუღლე და მისი 13 წლის აუტისტი შვილიც იმყოფებოდნენ.
დაკავებულის მეუღლის დიმიტრი სავიცკის განცხადებით, ირინა სავიცკაიას დაკავება უკანონოდ მოხდა. ის იმედოვნებს, რომ ირინას საქმესთან დაკავშირებით, ქართული მხარე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
"მე და ირინა უკვე რამდენმე წელია ერთად არ ვცხოვრობთ. ეს წლები ის საქართველოში ერთ-ერთ ფირმაში მუშაობდა. ბავშვი მასთან ცხოვრობს და ქართულ სკოლაში სწავლობს. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და მუდმივ სამედიცინო ზედამხედველობას საჭიროებს. სამწუხაროდ, მე არ შემიძლია აქ, საქართველოში ვიყო მუდმივად და ბავშვს მივხვედო. ირინას დაპატიმრება ჩვენი შვილის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ ვითხოვთ ირინასთვის პოლიტიკურ თავშესაფარს. ირინას უკრაინაში დაბრუნება ბავშვისა და მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. ირინას დაკავება უკანონოა", – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში დიმიტრი სავიცკი.
ირინა სავიცკაიას თანამშრომლისა და უფროსის ვლადიმერ ვისოკოპოიასნის განმარტებით, მას საქართველოში საფრთხე არ ემუქრება, ამიტომ ირინას თავშესაფარი უნდა მიეცეს.
"ჩვენ აქ ირინასთვის მხარდასაჭერად მოვედით. როგორც თანამშრომელს დადებითად ვაფასებთ, ის კარგი და კეთილი ადამიანია, რომელიც თავის მოვალეობებს კეთილსინდისიერად ასრულებს. ის თავისი საქმის პროფესიონალია. ირინა ხშირად გვიყვებოდა თავისი შვილის შესახებ, რომ თვითონ ზრდიდა, რომ ბავშვს გარკვეული სირთულეები აქვს. ჩვენ მას ვეხმარებოდით. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოში მისი საკითხი განხილული იქნება ობიექტურად და გადაწყვეტილებასაც ობიექტურს მიიღებენ. ის საქართველოში უსაფრთხოდ იქნება. სამწუხაროდ, ჩემს სამშობლოში, უკრაინაში, ჩვენ ჯერ მხოლოდ დემოკრატიისკენ მივდივართ. ჩვენ ვითხოვთ, რომ მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცენ", – განაცხადა შპს "ლიდერ დისტრიბუშენის" დირექტორმა ვლადიმერ ვისოკოპოიასნიმ.
ირინა სავიცკაიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის თქმით, მათ დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებს დამატებითი არგუმენტები წარუდგინეს, რაც შესაძლოა, თან სდევდეს ირინა სავეცკაიას უკრაინაში ექსტრადირებას.
"ჩვენ წარვადგინეთ არაერთი პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ირინა სავიცკაიას ექსტრადიციის შემთხვევაში, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. ის იქნება პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, ასევე მისგან სასურველი ჩვენებების მისაღებად, შესაძლოა, დაექვემდებაროს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. აბსურდული და შეთითხინილი ბრალდებით უკრაინის ხელისუფლება ცდილობს საქართველოდან მის უკრაინაში გადაყვანას და შემდგომ შეეცდება მოიპოვოს მათთვის საინტერესო ჩვენებები აქტიური პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ", – აღნიშნა ადვოკატმა.
დევნილთა სამინისტროს სტატუსის დადგენის განყოფილების უფროსის ია პოზოვის განმარტებით, უწყება ირინა სავიცკაიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 31 აგვისტომდე მიიღებს.
"დღეს ჩატარდა კანონით გათვალისწინებული გასაუბრების პროცედურა, რომელიც გადაწყვეტილების მიღებამდე ბოლო ეტაპს წარმოადგენს. მანამდე ჩავატარეთ ანკეტირება, მოხდა პირველადი ინფორმაციის შეგროვება თავშესაფრის მაძიებელზე. მიღებული გვაქვს საექსტრადაციო მასალები პროკურატურიდან და ამ მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სამინისტრო საბოლოო გადაწყვეტილებას თვის ბოლომდე მიიღებს, ვინაიდან, კანონის თანახმად, საექსტრადაციო განაცხადების განხილვის ერთთვიანი ვადა გვაქვს", – განაცხადა დევნილთა სამინისტროს სტატუსის დადგენის განყოფილების უფროსმა.
ირინა სავიცკაიას ინტერესების დამცველის ინფორმაციით, დღეს ან ხვალ მიმართავენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით.
"ჩვენი არგუმენტაცია ემყარება მისი მცირეწლოვანი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას, მას აქვს ფსიქიატრიული პრობლემები. ექიმის დანიშნულებით მას ესაჭიროება მშობლებთან ერთად ყოფნა. ასევე, ჩვენ მოვიპოვეთ არაერთი ახალი მტკიცებულება, რაც სამართლებრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს ითამასებს სასამართლოსთვის, რათა შეიცვალოს საექსტრადაციო კატეგორია", – აღნიშნა გიორგი კონდახიშვილმა.
კიევის მოთხოვნით ირინა სავიცკაია საქართველოში 30 ივნისს დააკავეს. ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას უკრაინის საგამოძიებო უწყებები კონკურენტი კომპანიის ქონების მითვისების მცდელობას ედევებიან.