უკრაინის ელჩი საქართველოში: ფოლკლორი არის ის, რაც უკრაინელებსა და ქართველებს გვაერთიანებს

384

უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი ფესტივალს არაჩვეულებრივს უწოდებს: "ფოლკლორი – ეს არის სწორედ ის, რაც ჩვენს ხალხს, უკრაინელებსა და ქართველებს გვაერთიანებს".

"24 ანსამბლი, 400-მდე მონაწილე და 9000-მდე მაყურებელი "ბლექ სი არენაზე", – ეს ის შედეგია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მიზანს "შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი" ტრადიციული გამხდარიყო. 

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს წელსაც შავიზღვისპირეთი უმასპინძლებს, რომელიც 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 7 ქვეყნის ფოლკლორს გააერთიანებს. ღონისძიებები გურიის გარდა, აჭარაშიც მოეწყობა. კონცერტები დაგეგმილია 31 აგვისტოს ბათუმში და 1 სექტემბერს ურეკში, დასკვნითი გალა კონცერტი კი, 2 სექტემბერს შეკვეთილში,  დიდ საკონცერტო დარბაზში "Black Sea Arena"-ზე გაიმართება. 

მაყურებლის წინაშე ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან და თავიანთი ქვეყნის უნიკალურ ხალხურ ტრადიციებს, სიმღერითა და ცეკვით წარმოადგენენ. როგორც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი აღნიშნავს, წელს ფესტივალს დიპლომატიური კორპუსი ოფიციალურ მხარდაჭერას უცხადებს და მის წარმატებულად ჩატარებაში დიდი წვლილი შეაქვს იტალიის, თურქეთის, პოლონეთისა  და უკრაინის საელჩოებს. მათივე ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიზარდა მონაწილე ფოლკლორული ანსამბლების რაოდენობაც. ორგანიზატორების თქმით, წლევანდელი კონცერტი კიდევ უფრო შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი იქნება.

ფესტივალის მნიშვნელობაზე, ფოლკლორის ხელშეწყობასა და მის პოპულარიზაციაზე საუბრობს უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი:

"არაჩვეულებრივი ფესტივალია. ფოლკლორი – ეს არის სწორედ ის, რაც ჩვენს ხალხს, უკრაინელებსა და ქართველებს გვაერთიანებს. დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს და ეს ფესტივალი უკრაინული  ფოლკლორისა და კულტურის საქართველოში დემონსტრირების უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს. წელს უკრაინას წარმოადგენს ფოლკლორული გუნდი ყირიმიდან. საქართველო მუდმივად მხარს გვიჭერს.  ორივე ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელ ჯგუფს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ისინი  ყირიმიდან არიან, რომელიც რუსეთის მიერ 2014 წლიდან არის ოკუპირებული. ამ ფაქტმა უნდა შეახსენოს მსოფლიოს, რომ საქართველო და უკრაინა საუკეთესო  პარტნიორები არიან ევროკავშირისთვის და ის გოგონები, რომლებიც ცეკვავენ და მღერიან, ოკუპაციის მიუხედავად, თავს გრძნობენ უკრაინელებად და უკეთესი მომავლის იმედი აქვთ. ამ ტიპის ღონისძიებები ასევე ხელს შეუყობს ადამიანებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. წელს 117000 მეტი უკრაინელი ესტუმრა საქართველოს, ამავე დროს 70 000 ზე მეტი ვიზიტორი დაფიქსრიდა საქართველოდან უკრაინაში. ჩვენს შორის მეგობრობა გრძელდება. წარმატება მინდა ვუსურვო ყველა მონაწილეს და ერთად  ვისიამოვნოთ მსოფლიო ფოლკლორით".

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდება. ღონისძიება Black Sea Arena-ს, კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, Check in Georgia- ფარგლებში გაიმართება. გალა კონცერტზე ცეცხლოვან შოუს ესპანელები გვპირდებიან, რომლებიც სპეციალური სტუმრის სტატუსით ფესტივალის გალა კონცერტზე, 2 სექტემბერს წარსდგებიან მაყურებლის წინაშე.  მათ ფესტივალის განმავლობაში შეუერთდებიან საუკეთესო ფოლკლორული გუნდები პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან. ყველაფერ ამას კი, რა თქმა უნდა, ქართველი შემსრულებლები მრავალხმიანობითა და ცეცხლოვანი ცეკვებით შეაზავებენ.

Comments
Loading...