უკრაინული მარილი მაღაზიების თაროებიდან ქრება

60

ერთ თვეზე მეტი ხნის წინ, ევროპაში მარილის მოპოვების უდიდესმა საწარმომ “Artemsol”, რომელიც დონეცკის ოლქში, სოლედარში მდებარეობს, საომარი მოქმედებების გამო მუშაობა შეწყვიტა. მეზობელ ბახმუტში ამ მწარმოებლის მარილი უკვე აღარ არის, დეფიციტი ქვეყნის სხვა რეგიონებშიც შეინიშნება.

“საწარმო არ მუშაობს, უმოქმედოა გაურკვეველ დრომდე. ადმინისტრაციული შენობა ნაწილობრივ დანგრეულია. პირდაპირი დარტყმები იყო შახტებზე, მასალების საწყობზე. წარმოება შეუძლებელია. ჩვენ ადამიანებს საფრთხეს არ შევუქმნით”, – ამის შესახებ საწარმოს დირექტორის მოვალეობების შემსრულებელმა ვიქტორ იურინმა განაცხადა.

იურინის თქმით, Artemsol-ის თანამშრომლების უმეტესობა უკვე ევაკუირებულია. თავად საწარმომ მუშაობა ჯერ კიდევ აპრილში შეწყვიტა, რადგან სოლედარიდან მზა პროდუქციის რკინიგზით გატანა შეუძლებელი გახდა.

“ჩვენი სადგური “Sol” რეგულარულად იბომბება. Artemsol-ი ძირითადად ორიენტირებულია რკინიგზით პროდუქციის გადაზიდვაზე. მანქანით მხოლოდ მცირე ნაწილის გატანა შეგვიძლია. ამიტომ, ნორმალურ პირობებშიც კი, ჩვენ უნდა გადავიტანოთ მოპოვებული მარილი და თუ რკინიგზა არ იმუშავებს, ჩვენ ამას რეალურად ვერ გავაკეთებთ”, – განაცხადა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

ხელმძღვანელის თქმით, ახლა უკრაინას მეტი მარილის შემოტანა მოუწევს საზღვარგარეთიდან. საწარმოს გაჩერების გამო მარილის ნაკლებობა ევროპაზეც აისახება, რადგან Artemsol-ის რეგულარული მომხმარებლები არიან უნგრეთი, პოლონეთი, საქართველო, მოლდოვა, აზერბაიჯანი, რუმინეთი.

Artemsol-იდან მზა პროდუქციის მარაგი ბოლოს აპრილში გაიტანეს.

Comments
Loading...