ფერმერთა სათათბიროს განახლებული სტრუქტურული მოდელით პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

22

30 სექტემბერს, სასტუმრო ,,რუმსში’’, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით,  მისი მთავარი საკონსულტაციო ორგანოს – ფერმერთა სათათბიროს განახლებული შემადგენლობის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც ფერმერთა ასოციაციის მენეჯმენტი და  სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე, სათათბიროს წევრი 20-მდე დარგობრივი ასოციაციის წარმომადგენელი ესწრებოდა, ფერმერთა სათათბიროს სამუშაო მეთოდები, სამოქმედო გეგმა და საკომუნიკაციო სტრატეგია იქნა განხილული.

ფერმერთა სათათბიროს საკომუნიკაციო სტრატეგია მიზნად ისახავს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მთავარი საკონსულტაციო ორგანოს – ფერმერთა სათათბიროს ცნობადობის გაზრდას და წევრებს შორის ეფექტური კომუნიკაციის პლატფორმის შექნას, რაც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გამარტივებას და უფრო მოქნილს გახდის სათათბიროს მუშაობას.

როგორც შეხვედრის მიმდინარეობისას დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ახალი საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები ფერმერთა ასოციაციის მთავარ საკონსულტაციო ორგანოს თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს, რაც მნიშვნელოვანია როგორც ფერმერების, ასევე, ზოგადად აგროსექტორის განვითარებისთვის. ‘’ შეხვედრისას,  სხვადასხვა სამუშაო პროცედურებთან ერთად, განვიხილეთ სათათბიროს განახლებული საკომუნიკაციო სტრატეგია და შევთანხმდით კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე. ამასთან, წევრი ასოციაციების წარმომადგენლების მიერ არაერთი კონკრეტული საკითხი დაისვა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე დარგობრივ ასოციაციათა  წარმომადგენლებს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლისა და ძალისხმევის კოორდინაციის მნიშვნელობას. ვფიქრობთ, საგულისხმოა ფერმერთა სათათბიროს საქმიანობის ოპტიმალური მოდელის განსაზღვრა, რაც უზრუნველყოფს ყველა წევრი ასოციაციის ეფექტურ ჩართულობასა და თითოეული მათგანისთვის პრიორიტეტულ საკითხთა სათანადოდ ასახვას სათათბიროს საქმიანობაში.  დღეისათვის ფერმერთა სათათბირო 22 დარგობრივ ასოციაციას აერთიანებს, სამომავლოდ კი პლატფორმის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას ვიმედოვნებთ, რათა სოფლის მეურნეობის ყველა დარგი დავფაროთ. “–  აღნიშნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი კოჭლამაზაშვილმა. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ფერმერთა სათათბიროს განახლებულ სტრუქტურულ მოდელს უახლოეს მომავალში, ოფიციალური პრეზენტაციის სახით წარადგენს.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ფერმერთა სათათბირო 2017 წელს,  მის წევრ ფერმერთა კენჭისყრის საფუძველზე დააფუძნა.  ფერმერთა სათათბიროს მიზნებია: ფერმერთა ინტერესების დაცვა, მათი პრობლემატიკის განსაზღვრა, შესაძლო ალტერნატივების და/ან გადაჭრის გზების  მოძიება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება; ასევე, მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებში დარგობრივი/სექტორული ასოციაციაციებისა და ფერმერების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.

Comments
Loading...