ფორბსის მსოფლიო მილიარდერების მარტის თვის რეიტინგის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება წინა წელთან შედარებით 300 მილიონით შემცირდა და ახლა 4,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
"საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა ბიძინა ივანიშვილმა ფული რუსეთში იშოვა და შემდეგ სამშობლოში 2003 წელს დაბრუნდა. ამ წლების განმავლობაში მან გაყიდა თავისი კომპანიები და შემოსავლის რეინვესტირება ჰეჯ-ფონდებში, კერძო ფონდებსა და ხელოვნებაში მოახდინა.
მან Credit Suisse-ს მილიარდი აშშ დოლარი დააკისრა, თუმცა ამ თანხის 100 მილიონ დოლარზე მეტი, როგორც ჩანს, ბანკის მენეჯერმა მოიპარა. ივანიშვილმა მის წინააღმდეგ შვეიცარიაში სარჩელი შეიტანა. ბიზნესმენი და ფილანტროპი ბიძინა ივანიშვილი 108,000 კვადრატული ფუტის სიმაღლის კომპლექსში ცხოვრობს, რომელიც მთაში მდებარეობს და თბილისს გადმოჰყურებს. მან 2016 წელს სამი ტილო 110 მილიონ დოლარზე მეტად გაყიდა, თუმცა ჯერ კიდევ ფლობს დიდ კოლექციას", – წერს ფორბსი.
ამავე რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი მაიკროსოფტის დამფუძნებელი ბილ გეიტსია, რომლის ქონებაც 86,8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მას მოსდევს Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელი უორენ ბაფეტი 77,1 მილიარდი აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზე ზარას დამფუძნებელი, ესპანელი ამანსიო ორტეგაა. ამაზონის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მეოთხე ადგილს იკავებს, ხოლო მას კომპანია ტელეკომის მფლობელი კარლოს სლიმ ჰელუ მოსდევს. სოციალური ქსელ ფეისბუქის დამაარსებელ მარკ ცუკერბერგს კი 58,5 მილიარდი დოლარით აღნიშნული რეიტინგის მეექვსე ადგილი უჭირავს.