5 აპრილს, 18:00 საათზე, გორის ცენტრალურ სასპორტო სკოლაში გაიმართება შეჯიბრება "მხიარულ სტარტებში", სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ადგილობრივი მედიისა და თვითმმართველობების წარმომადგენლები.
გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ნატოს თასი, ხოლო მონაწილეებს – სამახსოვრო სიგელები. შეჯიბრების ბოლოს გაიჭრება ე.წ. "მეგობრობის ტორტი".
"ნატოს დღეების აღნიშვნას მერია უკვე მეორე წელია უერთდება. გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მივიღეთ და გავიმარჯვეთ ფეხბურთის ამხანაგურ მატჩში. წელს ვმართავთ მხიარულ სტარტებს გორელ ჟურნალისტებსა და თვითმმართველობების საჯარო მოხელეებს შორის და გვინდა, რომ ღონისძიება ადგილობრივ ხელისუფლებასა და ჟურნალისტებს შორის თანამშრომლობის გამოხატულებად იქცეს, თანამშრომლობად ნატოს სიკეთეების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის. ამიტომ ღონისძიებისთვის სახუმარო სლოგანიც შევარჩიეთ – "ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, ერთად "შევირბინოთ" ნატოშიც!" – აცხადებენ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.
"მხიარული სტარტები" ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ნატოს დღეები-2017“-ის ფარგლებში იმართება.
ნატოს დღეების აღნიშვნა წელს 2 აპრილს დაიწყო. იგეგმება ათობით შემეცნებითი ღონისძიება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. გაიმართება საჯარო შეხვედრები, ღია კარის დღეები ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში, სემინარები და სხვა. ნატოს დღეებს დაასრულებს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი, რომელიც ყოველწიურად ტარდება ბრიუსელში, თუმცა წელს უკვე მეორედ თბილისშიც ჩატარდება. საქართველო ნატოს დღეებს უკვე მეათე წელია აღნიშნავს.