ქართლში მოძიებული ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები მეწარმეებს გააცნეს

419

ქართლში მოძიებული  ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები ქართველ ღვინის მწარმოებლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ გააცნო, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ევროპული სტილით დაყენებული თეთრი ღვინის 15 ნიმუში შემდეგი პარამეტრებით შეფასდა – შეფერილობის ინტენსივობა, ხილის ტონები (კენკრა, კურკოვანი, ყვითელი ხილი), სანელებლები, ყვავილოვანი ტონები, ვეგეტატიური ტონები (ბალახი, ყლოტრები, პიტნა), სიმჟავე, ტანინი/სხეულიანობა, სიმწკლარტე/სიუხეშე და ალკოჰოლის შეგრძნება. საუკეთესოებად ცივვაზი, ქიშური, ჩინური და გორული მწვანე დასახელდა. 

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მოძიებული და ჯიღაურას ბაზაზე გაშენებულია ვაზის  437 ქართული და 350 უცხოური ჯიშის საკოლექციო ნარგაობა. აღნიშნულ ბაზაზე ყოველწლიურად, ნაკლებად შესწავლილი 70-მდე ჯიშის ყურძნისგან ღვინის დაყენება და შეფასება ხდება, რათა მომავალში საუკეთესო ჯიშების გავრცელება და მათი საწარმოო მიმართულებაში ჩართვა მოხდეს.

Comments
Loading...