ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას განცხადებას ავრცელებს

172

"გვინდა გამოვეხმაუროთ ნამახვანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ აქციას, რომელსაც გეგმავს მოძრაობა – "რიონის ხეობის გადარჩენისთვის.", – ამის შესახებ განცხადებას "ქლინ ენერეჯი გრუფ ჯორჯია" ავრცელებს.

"ჩვენ პატივს ვცემთ აზრის გამოხატვის ნებისმიერ ფორმას, თუმცა მიგვაჩნია, რომ პროექტთან დაკავშირებული ყველა საკითხის  განხილვა პროდუქტიულ სამუშაო ფორმატში, ურთიერთპატივისცემის საფუძველზე უნდა მოხდეს.  ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს განვიხილოთ პროექტთან დაკავშირებული ყველა საკითხი, რაც როგორც  მოძრაობის წევრებს, ასევე ხეობაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს აინტერესებს. 

ჩვენი კომპანიის მიზანია, განახორციელოს ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის  ნამახვანი ჰესის მშენებლობა, პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით. სწორედ ამიტომ, პროექტის განვითარების ადრეულ ფაზაზე, საქართველოს ენერგო სექტორში პირველად და საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, პროექტის ფარგლებში შეიქმნა და კვლავ გრძელდება თემის საკონსულტაციო საბჭოების ჩამოყალიბება. საბჭოების მთავარი მიზანია, სოფლების მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა კომპანიის წინაშე დააყენონ სოფლის თითოეული მცხოვრებისთვის პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი ხოლო შეხვედრის დასრულების შემდგომ, ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდონ ინფორმაცია.

რაც შეეხება საინფორმაციო ცენტრების, რომელიც ჩვენს მიერ ხეობაში დაფუძნდა, მთავარ მიზანს წარმოადგენს ნამახვანიჰესის პროექტთან დაკავშრებით ყველა დაინტერესებული მხარისთვის ინფორმაციის მიწოდება ყოველდღიურ რეჟიმში.

გარდა ამისა, კომპანიის თანამშრომლებს ყოველდღიურად აქვთ კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სათემო საინვენსტიციო პროგრამების შემუშავება და განვითარება. ნებისმიერი დიდი პროექტის სოციალური პასუხიმგებლობის ნაწილია განავითაროს რეგიონი, სადაც საქმიანობას ეწევა. ამ ეტაპზე რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, უკვე მიმდინარეობს რამდენიმე სოციალური პროექტი და გრძელვადიანად უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიციები, რაც რეგიონის გრძელვადიან განვითარებას ემსახურება.

რაც შეეხება უშუალოდ ნამახვანიჰესის პროექტს, მიმდინარეობს უკვე ჩატარებული ყველა კვლევის დაზუსტება და ამავდროულად დასრულების ეტაპზეა ახალი კვლევები. პროექტის ტექნიკურ დიზაინზე მუშაობა უკვე დასრულებულია და აღნიშნული საკითხი უკვე განხილულ იქნა სათემო საკონსულტაციო საბჭოების შეხვედრაზე.

ჩვენ ვგეგმავთ რომ გავმართოთ ფართო დიკუსია, როგორც კი კვლევები საბოლოოდ დასრულდება სადაც ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა და მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს ვისაუბროთ პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე როგორც სათემო საკონსულტაციო საბჭოების ასევე ნებისმიერ, მისაღებ სამუშაო ფორმატში.

ნამახვანის ჰესების კასკადი წარმოადგენს საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ენერგო პროექტს, რომელიც შემუშავებულ იქნა საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდისა და ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე. პროექტი უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომ ელექტროენერგიას, ენერგო უსაფრთხოებას და მშენებლობის ეტაპზე 3000 სამუშაო ადგილის შექმნას. პროექტის ფარგლებში იგეგმება ახალი გზის მშენებლობა, რომლის ღირებულება 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.   ნამახვანიჰესის მშენებლობა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების შესაბამისად. პროექტი წარმოადგენს 750 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტიციას ქართულ ენერგო სექტორში.

მოძრაობის მიერ ადგილი აქვს პროექტის ზეგავლენის თაობაზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. აღვნიშნავთ რომ:

1. კვლევები ადასტურებს, რომ პროექტის მშენებლობას და ოპერირებას არ ექნება უარყოფითი ზეგავლენა ტვიშში არსებულ ყურძნის ჯიშებზე. კაშხალი განთავსდება სოფლიდან ერთი კოლომეტრის დაშორებით.

2 .დაგეგმილია ჯამურად დაახლოებით  50 ოჯახის განსახლება და არა 16 სოფლის როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ.  ყველა მათგანი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი კონპენსაციით.

3. კაშხლების პროექტირება განხორციელებულია წამყვანი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს ნებისმიერი სიმძლავრის მიწისძვრისა წყალდიდობის მიმართ მდგრადობას.

4. კულტურული ძეგლები არ ექცევა პროექტის ზეგავლენის ქვეშ.

5. მეწყრული პროცესების რისკი არ გაიზრდება და მიმდინარე პროცესების სტაბილიზების მიზნით, ჩატარდება გარკვეული სამუშაოები  მშენებლობის მიმდინარეობის ფარგლებში.". – ნათქვამია განცხადებაში.

Comments
Loading...