“ვერ ვხედავ იმაში პრობლემას, რომ აგვისტოში ეკონომიკის 2%-იანი ზრდა იყო”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის თქმით, აგვისტოში 2%-იანი ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელი იყო.
“ჩვენ აგვისტოში მშენებლობებზე ლიცენზიები შევაჩერეთ და ვიცოდით, რომ ამას გავლენა ექნებოდა.
ჩვენ გვინდა ნორმალურ ეკონომიკურ გარემოში ვცხოვრობდეთ და ქალაქი გავდეს ქალაქს, ამიტომ, გავაჩერეთ რაღაც რაოდენობით ლიცენზიები. ჩვენ ამ ეკონომიკური ზრდის დაკლებას სხვა რაღაცეებში დავაკომპენსირებთ”, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
მინისტრი აქვე განმარტავს, რომ სხვადასხვა თვეში შესაძლოა დაბალი ეკონომიკური ზრდა იყოს, თუმცა მთავარია საშუალო მაჩვენებელი.
მისი თქმით, მთავრობის მიზანია, რომ წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა იყოს.
“ჩვენ უკვე მივდივართ ამ მიზნისკენ, საკმაოდ დარწმუნებული ნაბიჯებით. ეს 5% როგორ მიიღწევა, ზოგიერთ თვეში შეიძლება იყოს 7%, ზოგიერთ თვეში 8%, 3%, 2%, საშუალოდ უნდა მივაღწიოთ 5%-ს. ამ მაჩვენებლის მიღწევაში არა მხოლოდ ჩვენ ვართ დარწმუნებულები, არამედ რიგი დამოუკიდებელი საერთაშორისო ინსტიტუტები აკეთებენ პროგნოზს”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.