ქუმსიშვილი: სატრანზიტო პოტენციალი ინვესტიციების მოზიდვის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა

399

ქვეყნის სივრცითი მოწყობა და ინფრასტრუქტურის განვითარება არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მივიღეთ, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე "საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები" გამოსვლისას.

პირველი ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ძალიან ახლოსაა ქეინსის თეორიის იმ ნაწილთან, რომლის თანახმადაც, როდესაც ქვეყანას უჭირს, სახელმწიფომ უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და მოახდინოს კაპიტალური დანახარჯები, რათა რეგიონში არსებულ პრობლემებს წარმატებით გაართვას თავი.

გარდა ამისა, პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილება ასევე გამომდინარეობდა ქვეყნის სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის გაძლიერების მოტივითაც.

"ჩვენ ძალიან გვჭირდება ჩვენი სატრანზიტო პოტენციალისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და გაძლიერება. ჩვენ გვჭირდება ქვეყანა, რომლის რეგიონები ერთმანეთთან უკეთესად იქნებიან დაკავშირებული, მათ შორის მობილობა იქნება გაცილებით დიდი და სატრანზიტო პოტენციალი იქნება გაცილებით ბევრად მაღალი", – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება აბრეშუმის გზასა და მასში საქართველოს მონაწილეობაზე. "საბოლოო ჯამში, სატრანზიტო პოტენციალი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, ინვესტიციების მოზიდვის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა", – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

"ჩვენ ვართ გზაგასაყარი ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ ვართ უნიკალური ქვეყანა, რომელიც უმოკლესი გზით აკავშირებს აზიას ევროპასთან. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება როგორც ჩინეთთან, ისე ევროპასთან", – განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა და დასძინა, რომ აღნიშნული პოტენციალის უკეთ ათვისებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციას განახორციელებს.

Comments
Loading...