ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით ღვინის თემატიკაზე მომუშავე გიდებს ტრენინგი ჩაუტარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
“ღვინო და კულინარიის” შემსწავლელი კურსი 100-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. სწავლების მიზანი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა. ტრენინგის მონაწილეებს შეხვდა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.
სასწავლო კურსი შემდეგ თემატიკას მოიცავდა:
- ღვინის და ვაზის ისტორია;
- თანამედროვე ტენდეციები ქართულ კულინარიაში და გამჭვირვალე სამზარეულო;
- ღვინის არომატები და დაგემოვნება;
- ღვინის ტურიზმი და მისი პერსპექტივები საქართველოში და ა.შ.
ტურიზმის სფეროში მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით უფასო ტრენინგებს ატარებს. გასულ წელს ტურიზმის სფეროში დასაქმებული 1300-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა, მათ შორის: გიდები, განთავსების და კვების ობიექტების თანამშრომლები.