ცოცხალი ჯაჭვის აქცია ძუძუს კიბოთი  დაავადებული პაციენტთა მხარდასაჭერად

15

„ევროპა დონა საქართველოს“ ორგანიზებითა და  ვარდისფერი კამპანიის ფარგლებში თბილისში თავისუფლების მოედანზე ძუძუს კიბოთი  დაავადებული პაციენტთა მხარდასაჭერად ცოცხალი ჯაჭვის აქცია გაიმართა. პაციენტებისა და მხარდამჭერების სურვილია, საზოგადოების თითოეულ წევრსა და შესაბამის სტრუქტურებს  მიაწვდინონ მნიშვნელოვანი გზავნილი: #ნუგანგვასხვავებთ – თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პაციენტს თბილისსა თუ რეგიონში.

ცოცხალი ჯაჭვის  მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და ცნობადობის ამაღლება მძიმე დაავადების – ძუძუს კიბოს შესახებ,   რათა მოხდეს დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანაბარი ხელმისაწვდომობა თბილისსა თუ  რეგიონებში. გაავრცელდეს ინფორმაცია რეგულარული თვითშემოწმების და კიბოს სკრინინგის აუცილებლობის შესახებ.  ღონისძიებაში მონაწილეობა თავისუფალია – ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო  ცოცხალ ჯაჭვში და ამ ფორმით მხარი დაეჭირა ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტებს: შემოგვიერთდით  „ყველაფერი ჩვენს ხელშია“.

„ვარდისფერი კამპანიის“ მხარდამჭერია თბლისის საკრებულოს გენდერული საბჭო და ეროვნული სკრინინგ ცენტრი.

ცოცხალ ჯაჭვში ასევე მონაწილეობენ პაციენტები, ექიმები, მხარდაჭერი კომპანიების წარმომადგენელები და მედია, რომლებიც  კიდევ ერთელ შეახსენებენ საზოგადოებას, რომ ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალაბატონებს თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ.

„ძალიან გაახალგაზრდავდა ჩვენი დაავადება ,სამწუხაროდ გვყავს 22, 24, 26 ,29   წლის  პაციენტები , ამიტომ მნიშვნელოვანია ,ჩატარდეს ადვოკატირება,ცნობიერების ამაღლება ,ამ საკითხის შესახებ რაც შეიძლება ხშირად დავაფიქროთ საზოგადოება,რათა დროულად მიმართონ ექიმს, დროზე აღმოჩენილი პრობლემა ხომ გაცილებით მარტივად მოგვარებადია. ცოცხალი ჯაჭვითა და ერთად დგომით  ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსმევთ ხაზს მკურნალობის ხელმისაწვდომობას, დროულ დიგნოსტიკის აუცილებლობასა და ზოგადად, საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას. საქართველოში ყოველწლიურად, ძუძუს კიბოს 1400-ზე მეტი  ახალი შემთხვევა ფიქსირდება და ამ სენისგან წელიწადში 900-ზე მეტი ქალი იღუპება. ეს არის 900 ოჯახის ტრაგედია და სამწუხაროდ ეს რიცხვი ყოველწლიურად იმატებს,“ – განმარტავს „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი.

ძუძუს კიბო ერთერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული დაავადებაა ქალებში, ამავე დროს, ნაადრევ სტადიაზე აღმოჩენისას, 10-დან 8 შემთხვევაში დაავადება განკურნებადია. ვარდისფერი ოქტომბერი“ – ასე უწოდებენ ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვეს და დაავადებას სხვადასხვა აქტივობებით მსოფლიო ეხმაინება.  სხვადასხვა ქალაქებში მუნიციპალიტეტების შენობები ვარდისფრად ნათდება , კომპანიები აქტიურად ერთვებიან პაციენტთა მხარდამჭერ მოძრაობაში , სპეციალური ფასდაკლებები ეძღვნება  ოქტომბრის აქტივობას და  უამრავი ბიზნესი ამ დროს აქტიურ მონაწილეობას იღებს პაციენტების დასახმარებლად.  

ვარდისფერი ოქტომბერი“ – ამ სახელწოდებით ცნობილ კამპანიაში ძუძუს კიბოს წინააღმდეგ საქართველო უკვე არაერთი წელია ჩართულია. კამპანია მიზნად ისახავს დაავადების შესახებ ცნობადობის გაზრდას და იმის ჩვენებას, რომ კიბო განაჩენი არ არის და რომ მისი დამარცხება შესაძლებელია. წელს, თბილისის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა.

Comments
Loading...