ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის წესის პროექტის განხილვა გაიმართა

11

დღეს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის წესის პროექტზე წარმოდგენილი კომენტარების განხილვის მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მონაწილეობით, ასევე სამთავრობო სტრუქტურებისა და ქალთა უფლებების თემებზე მომუშავე არასამთავრო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით ჩატარდა. გაფართოებული შეხვედრა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილემ თამარ საბედაშვილმა გახსნეს.

მოწვეულ სტუმრებს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის პროექტი, რომელშიც აისახა წარმოდგენილი კომენტარები გააცნო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, ირმა ალადაშვილმა.

მხარეებს შორის დისკუსია ინტერაქტიურ რეჟიმში გაიმართა და პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილ უკუკავშირზე დეტალურად იმსჯელეს, ექსპერტებმა თავისი მოსაზრებები გაუზიარეს კოლეგებს.

ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის წესის პროექტში განსაზღვრულია თუ რა არის წესის მიზნები, ვის აქვს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, ასევე კომპენსაციის ოდენობა და გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო.

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია ავალდებულებს მხარეებს მიიღონ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მსხვერპლს ჰქონდეს უფლება, მოითხოვოს კომპენსაცია.

Comments
Loading...