სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტი ფარგლებში, რომელიც ავსტრიამ დააფინანსა, წალკაში ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა შეიქმნა, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა აგრო და ეკოტურისტების მისაღებად გადამზადდა.
დახმარების არეალი 2016 წელს განისაზღვრა წალკის "ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფის“ მიერ. ჯგუფში შედიოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ჯგუფმა გააანალიზა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები და გადაწყვიტა, რომ წალკის თვალისმომჭრელი ლანდშაფტი და სტუმართმოყვარე ფერმერები შესანიშნავ წინაპირობას ქმნიდნენ მუნიციპალიტეტში აგრო და ეკოტურიზმის გასავითარებლად.
ავსტრიის განვითარების კორპორაციის (ADC) მიერ დაფინანსებული პროექტის – "საქართველოს სოფლის მეურნეობის გაძლიერება" – ფარგლებში, FAO-ს გუნდმა ახლახანს დაამთავრა წალკის ტურიზმის განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე(2016-2021) მუშაობა. ასევე, გაუმჯობესდა ტურისტული ინფრასტრუქტურა და ტურისტული მომსახურების პოტენციურ მომწოდებლებს ტრენინგები ჩაუტარდათ.
განისაზღვრა სამი ტურისტული მარშრუტი – ერთი საფეხმავლო, ერთი ველოტურისთვის და ერთიც საავტომობილო ტურისთვის. ტურები ისე შემუშავდა, რომ მათ მაქსიმალურად მოიცვეს ყველა მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლი თუ ბუნებრივი სანახაობა წალკის მუნიციპალიტეტში – დაშბაშის კანიონი, კულტურული მემკვიდრეობის 22 ძეგლი, მათ შორის ეკლესიები, რომელთა შორის უძველესი, მე-11 საუკუნით თარიღდება, გესთჰაუსები და ფერმები, რომლებიც ტურისტებს თავიანთ ნაწარმს შესთავაზებენ.
სამივე მარშრუტი, მათში შემავალი სხვადასხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობით, დატანილია რუქაზე. წალკის მუნიციპალურ ცენტრში დამონტაჟდა საინფორმაციო დაფები.
იმისათვის რომ ექსკურსია უფრო მოსახერხებელი და უსაფრთხო გამხდარიყო, თითოეული მარშრუტის კოორდინატები შეტანილ იქნა პოზიციონირების გლობალურ სისტემაში (GPS). ეს ეხება ბილიკებს და გზებს, გასართობ ადგილებს, კულტურულ და ბუნებრივ ძეგლებს, ტბებს, ჩანჩქერებს, კანიონებს, საბანაკე ადგილებს და სასმელი წყლის წყაროებს.
პროგრამის მეორე ნაწილი წალკის ტურისტული პოტენციალის ზრდას მიეძღვნა. ტურისტული მომსახურების 25 პოტენციური მომწოდებელი – 12 ქალი და 13 მამაკაცი – წალკის 13 სხვადასხვა სოფლიდან სამდღიან ინტენსიურ ტრენინგს დაესწრო. სატრენინგო კურსი სასოფლო ტურიზმს, გესთჰაუსის მუშაობის სტანდარტებს, მარკეტინგული გეგმის და ბიზნესგეგმის შემუშავებას და ეკოტურიზმის პრინციპებს შეეხო.
"ამ საპილოტე პროექტით, რომელიც FAO-მ წალკაში განახორციელა, საფუძველი ჩაეყარა გარემოს მიმართ მეგობრული სასოფლო ტურიზმის განვითარებას", განაცხადა საქართველოში FAO-ს წარმომადგენელმა რაიმუნდ იელემ. "აქცენტი გაკეთდა სოფლის მოსახლეობის გაძლიერებასა და ტურისტული მომსახურების საშუალებების განვითარებაზე, სოფლად შემოსავლების დივერსიფიკაციასა და სიღარიბის შემცირებაზე. ეს დადებით გავლენას იქონიებს საქართველოში სოფლების განვითარებაზე".