"წლის ბოლომდე კანონს წარვადგენთ პარლამენტში და შესაბამისად მივიღებთ ახალ კანონს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას იმისა, რომ უფრო სწორად მოვახდინოთ ფისკალური რისკების შეფასება", – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"რაც ეხება კერძო და საჯარო პარტნიორობის მიმართულებით, ამ ნაწილს ორად გავყოფ. პირველი არის ჰიდროელექტროსადგურების მიმართულება, სადაც ჩვენ გვაქვს ელექტროენერგიის შესყიდვის გარანტირებული ხელშეკრულებები ინვესტორებთან ურთიერთობებში. აქ ჩვენ კონკრეტულად ვართ შეთანხმებული მოცულობაზე, რომლის მოცულობის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობა დადებს ამ ხელშეკრულებას მანამ, სანამ იქნება კერძო და საჯარო პარტნიორობის კანონმდებლობა პარლამენტში მიღებული და ამავდროულად დამატებულია კონკრეტული პროექტები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის.
თვითონ კერძო და საჯარო პარტნიორობის მიმართულებით ჩვენ წლის ბოლომდე კანონს წარვადგენთ პარლამენტში და შესაბამისად მივიღებთ ახალ კანონს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას იმისა, რომ უფრო სწორად მოვახდინოთ ფისკალური რისკების შეფასება და შესაბამისად შევარჩიოთ ის ყველაზე სასარგებლო პროექტები, რომელიც საჭირო და სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის", – აღნიშნავს დიმიტრი ქუმსიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 15 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოს სტუმრობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, ქალბატონი მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით. ვიზიტის მიზანი იყო სამწლიანი ეკონომიკური პროგრამის განხილვა, რომელსაც მხარს დაუჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) ფარგლებში.
მისიის დონეზე მიღწეულია შეთანხმება საქართველოში სამწლიანი პროგრამის დაწყებაზე, რომელიც დაფინანსდება 285 მილიონი აშშ დოლარით "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით".