ხელოვნების სკოლა “აფხაზეთი 1” მისამართს იცვლის

480

ხელოვნების სკოლა "აფხაზეთი 1"-ის მოსწალეები საკმაოდ დიდ წარმატებებს აღწევენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. სკოლამ თბილისში ფუნქციონირება 2008 წელს მელიქ-აზარიანცის ისტორიულ სახლში დაიწყო, რომელიც რუსთაველის 37 ნომერში მდებარეობს. სკოლა დედაქალაქის ცენტრში "სილქროუდ ჯგუფის" კუთვნილ შენობაშია განთავსებული. ჩვენი ჟურნალისტი ხელოვნების სკოლის დირექტორს თამარ ახალაიას "აფხაზეთი 1"-ის გეგმებსა და მიღწევებზე ესაუბრა.

– როდის დაფუძნდა თბილისში ხელოვნების სკოლა "აფხაზეთი1", რა ისტორია გააჩნია მას და სწავლების რა მიმართულებებს მოიცავს ამჟამად?

– ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 1“ დაფუძნდა აფხაზეთის ნომერი პირველი სამუსიკო სკოლის ბაზაზე, რომელიც, თავის მხრივ, არის ქალაქ სოხუმის ნომერ პირველი და მეორე სამუსიკო სკოლების სამართალმემკვიდრე. მართალია, ჩვენს სკოლას თბილისში არსებობის დიდი ისტორია არ აქვს, მაგრამ მას ძალიან დიდი წინაისტორია გააჩნია, რომელიც მოიცავს ქალაქ სოხუმის კულტურულ ცხოვრებას. ყველასთვის ნაცნობი ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, აფხაზეთიდან გადმოსულმა დიდი რაოდენობის მოსახლეობამ და უკვე დევნილობაში მომუშავე იურიდიულმა ერთეულებმა მოახერხეს ის, რომ ფუნქციონირება სკოლამ უკვე თბილისში გააგრძელა. ჩვენი სკოლა ქალაქ თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ 2008 წელს დაფუძნდა. სკოლასთან არსებობს საოპერო სიმღერის სახლი, ეს არის სასწავლო-შემოქმედებითი გაერთიანება, სადაც მსურველები ეუფლებიან აკადემიური ვოკალის ურთულეს ხელოვნებას, შესაბამისად, გვყავს ძალიან მაღალი რანგის ვოკალის მასწავლებლები.  ასევე, გვყავს თეატრალური დასი. სკოლასთან არსებობს ფიზიკური გაჯანსაღების და აღმოსავლური ორთაბრძოლების აკადემია.

– რა რესურსით დაიწყო სკოლამ თბილისში ფუნქციონირება და თავიდან სად განთავსდა ის?

– დღიდან დაფუძნებისა, ჩვენ, როგორც აფხაზეთის სკოლას, არ გაგვაჩნდა არანაირი შენობა და იურიდიული მისამართი. ამიტომ, „სილქროუდ ჯგუფმა“ შემოგვთავაზა, რომ ჩვენი სკოლა განთავსებულიყო რუსთაველის ქუჩაზე, მათ საკუთრებაში არსებულ შენობაში, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი შვება იყო. „სილქროუდ ჯგუფმა“ სტუმართმოყვრულად შეგვიკედლა. ამდენი წელია, ჩვენ აქ ვიკავებთ საკმაოდ დიდ ფართს, მაგრამ არ ვიხდით არანაირ გადასახადს. უფასოდ ვართ 2008 წლიდან, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "სილქროუდ ჯგუფს" და განსაკუთრებული მადლობა მის დამფუძნებელს გიორგი რამიშვილს. რომ არა ამ კომპანიის გვერდით დგომა, რომ არა ბატონი გიორგისგან გამოჩენილი კეთილი ნება დღეს, ალბათ, ჩვენი სკოლა არც იარსებებდა. ახლა თბილისის მერიიდან გვაქვს რაღაც შემოთავაზებები და სავარაუდოდ, 1 ივლისიდან ჩვენ უკვე დავტოვებთ ამ შენობას.

– რამდენი მოსწავლე ჰყავს დღეს სკოლას და რა სამომავლო გააჩნია მას?

– დღესდღეობით ეს არის შემდგარი სკოლა, სადაც სწავლობს 400 მოსწავლე, გვაქვს 20-ზე მეტი მიმართულება, აქტიურად და ინტენსიურად ვმონაწილეობთ თითქმის ყველა ფესტივალში, კონკურსში, როგორც საქალაქო, ასევე, საერთაშორისო კონკურსებში. სკოლა თავისი ძალებით იმყოფებოდა საზღვარგარეთ გასტროლებზე. სამომავლოდ ვგეგმავთ კვლავ აქტიურად გავაგრძლოთ ჩვენი საქმიანობა. მინდა თქვენი საშუალებით,  კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ბ-ნ რამიშვილს. დღემდე ჩვენ რომ ვარსებობთ ეს მისი დამსახურება. ასეთი კეთილი ადამიანების წყალობით, ჩვენ აფხაზეთიდან დევნილები დღემდე ვარსებობთ და ვდგავართ ფეხზე.

Comments
Loading...