ხე-ტყის იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდება

104

ხე-ტყის იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდება. შესაბამის ინიციატივას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა სამინისტრო წარადგენს. ინფორმაცია კი, ჟურნალისტებს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიაწოდა. როგორც ბახტაძე განმარტავს, ხე-ტყის უკანონო ჭრის პრობლემის აღმოსაფხვრელად მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი არ არის საკმარისი. ხე-ტყის იმპორტის დღგ-სგან გათავისუფლება კი უზრუნველყოფს, რომ ხე-ტყის მოჭრას ნაკლები მოტივაცია ექნება.

"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბოლო პერიოდის განმავლობაში გატარებული ღონისძიებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე 15 პირი დააკავა.

მინდა ხაზგასმით განვაცხადო, ჩვენ შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში, იჩეხება ტყეები, რომლის აღდგენასაც ათასწლეულები სჭირდება, გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყანას.

ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები ამ უკანონობასთან ბრძოლაში და ასევე მინდა მოვუწოდო ყველას, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს ის პირი, რომ თუ იქნება შემთხვევები, რომ ვინმე ხელს აფარებს ამ უმსგავსო საქციელს, ყველა ეს ადამიანი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით", – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესდება საქართველოდან ე.წ. მორისა და ფიცრის ექსპორტზე. აღნიშნული რეგულაციები კი, პრემიერის შეფასებით, შესაძლებლობას შექმნის, რომ მწვანე საფარის აღდგენის პროცესი დაჩქარდეს.

"მივესალმებით ისეთ საწარმოებს, რომელიც ქმნიან დამატებით ღირებულებას საქართველოში, მაგრამ, რა თქმა უნდა თუ ვინმეს უნდა ხე-ტყის ჭრა და მორად ან ფიცრად გაყიდვა, ასეთი ამბავი ვეღარ მოხდება", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Comments
Loading...