ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ვაზისუბნის მიკრორაიონების მთავარი მაგისტრალის რეაბილიტაცია დაიწყო

298

დღეს, 10 აგვისტოს, ისანში, ვაზისუბნის II მიკრორაიონში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ვაზისუბნის მიკრორაიონების მკვებავი მაგისტრალური ქსელის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყო, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

სამუშაოების ფარგლებში, წყალსადენის ქსელის 700 მ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვლება და ევროსტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურული ელემენტები დამონტაჟდება.

"ვაზისუბნის II მიკრორაიონში, ვაზის ქუჩაზე, მთავარი მაგისტრალი დაზიანდა. მილზე სანიტარული ნორმების დარღვევით გაშენებულია ბაღები. აღნიშნულ ტერიტორიაზე ნარგავების ფესვებმა მილის დიდი მონაკვეთი დააზიანა, რის გამოც, ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გახდა აუცილებელი რთული ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. ქსელის დიაგნოსტიკის შედეგად, ვაზის ქუჩაზე მთავარი მაგისტრალის  შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ.

საკითხის სრულად მოგვარების მიზნით, დღეს, ვაზისუბნის მიკრორაიონების მთავარი მაგისტრალის რეაბილიტაცია დავიწყეთ“ – განაცხადა მამუკა კიკალიშვილმა, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ოპერაციების მართვის დირექტორმა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისთვის, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, 11 აგვისტოს, 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:

ისნის რაიონში:

ვაზისუბნის I, II, III და IV მიკრორაიონებს.

ინფორმაცია წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

Comments
Loading...