ჰემოფილიის სახელმწიფო პროგრამა  გაფართოვდება და პროფილაქტიკური მკურნალობის დაფინანსება  ყოველწლიურად  გაიზრდება

31

იშვიათი დაავადებები, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ სასიკვდილო დიაგნოზად მიიჩნეოდა, დღეს მათი დიდი ნაწილი მართვადია, უფრო მეტიც,  პაციენტების  ყოველდღიური ცხოვრების ხარისხი უმჯებესდება და გამოჯანმრთელების შანსიც იძლევა.

ერთ-ერთი იშვიათი დაავადება, რომლის მძიმე შედეგების თავიდან აცილება დღეს უკვე შესაძლებელია, ჰემოფილიაა. ესაა დიაგნოზი, რომლის მქონე ადამიანები ჯერ კიდევ 20 წლის წინ, სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების არარსებობის გამო, შესაძლოა დაღუპულიყვნენ. საქართველოში არსებობდა ერთადერთი ცენტრი, თბილისში, სადაც მათ სამედიცინო დახმარების მიღება შეეძლოთ.

დღეს კი ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებს ძვირადღირებული დაავადების სამკურნალო ახალი თაობის კანქვეშა პროფილაქტიკური მედიკამენტი სახლში აქვთ და მათი გაკეთება თავად შეუძლიათ. პროგრესი, რომელიც ამ კუთხით ბოლო წლებში მოხდა, უდიდესია. თუმცა ამ კუთხით გამოწვევები ისევ რჩება. მსოფლიო მედიცინაში არსებობს მიღწევები, რომელთა სრულად გამოყენების შემთხვევაში საქართველოში მცხოვრები ათეულობით პაციენტის ცხოვრება კიდევ უფრო შემსუბუქდება. საბედნიეროდ, ქვეყანა ამ გამოცდილების გაზიარების გზას უკვე ადგას და სახელმწიფო, რომელიც ეკონომიკურად არცთუ წელგამართულია, ყოველწლიურად მილიონობით ლარს ხარჯავს, რათა პაციენტებს სრულფასოვანი ცხოვრების მეტი შანსი მისცეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ჰემოფილიით 800 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. დაავადება მამაკაცებისთვისაა დამახასიათებელი.

მკურნალობის გარეშე ჰემოფილიით დაავადებულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს: სისხლჩაქცევები, გახანგრძლივებული და არაკონტროლირებადი სისხლდენა ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ, განმეორებადი სისხლდენები კუნთებსა და სახსრებში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სახსრების შეუქცევადი დაავადებები, რის შედეგადაც დაავადებული მკვეთრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხდება. სისხლდენა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს, თუ ის საიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში დაიწყება.

საქართველოში დღეს 477 ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ჰემოფილიითა და სხვა სისხლმდენი პათოლოგიით არიან დაავადებულები.  ჩვენს ქვეყანაში ჰემოფილიის სახელმწიფო პროგრამა 2000 წელს შეიქმნა, 2014 წლიდან დღემდე ჰემოფილიით დაავადებულთა სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების სახელმწიფო პროგრამას ქირურგიის ეროვნული ცენტრი ახორციელებს.

დღეს ჰემოფილიის მართვა უფრო მარტივი ხდება, არსებობს თანამედროვე შესაძლებლობები, რომლითაც ამ დაავადების დიაგნოსტირება და ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა შესაძლებელი, პროფილაქტიკური მკურნალობის შედეგად შესაძლებელია პაციენტების ცხოვრება სისხლდენის გარეშე.

პროფილაქტიკური მკურნალობა გულისხმობს  სისხლდენისა და სისლხჩაქცევებისგან პაციენტის დაცვას, შესაბამისად, ეს ახალი თაობის კანქვეშა პროფილაქტიკური მედიკამენტით მკურნალობის შესაძლებლობა  პაციენტების საზოგადოებაში სრული ინტეგრირების და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. სახელმწიფო პროგრამის დამსახურებით, პაციენტები ჰემოფილიით გამოწვეული სისხლდენით აღარ იღუპებიან, ხდება მათი მართვა, თუმცა, სისხლდენის განვითარებისგან პაციენტების დიდი ნაწილი დაზღვეული ჯერ კიდევ არ არის, ახალი თაობის მედიკამენტით პროფილაქტიკური მკურნალობა მხოლოდ მცირე ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი.

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის ირინე გობეჯიშვილის განცხადებით, ჰემოფილიის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილი პროგრამის 2021 წლის ბიუჯეტი 7 მილიონ ლარზე მეტი იყო. ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა დაახლოებით 200 ათას ლარს შეადგენს. აქედან ამბულატორიული მომსახურება მოიცავს ექიმის კონსულტაციას, ჰემოტრანსფუზიას, ლაბორატორიულ კვლევებსა და ანალიზებს, ასევე ფიზიოთერაპიულ პროცედურებს. სტაციონარული მკურნალობა მოიცავს ჰემორაგიული დიათეზის მკურნალობას და ასევე ჰემოფილური ართრიტის შემთხვევაში სპეციფიკურ, ორთოპედიულ მკურნალობას.

საკმაოდ დიდია მედიკამენტების სპექტრი და ის 8-9 დასახელების პროდუქტს მოიცავს. ამ წამლების მისაღებად პაციენტი უნდა მივიდეს ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში, წარადგინოს „ფორმა 100“, ექიმის დანიშნულება და შემდეგ მიმართოს სტაციონარს, სადაც მედიკამენტები გაიცემა. აღნიშნული წამლები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშია ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება ჰემოფილიით დაავადებული ადამიანების სამკურნალო, მსოფლიოში ოქროს სტანდარტად აღიარებულ ახალი თაობის  მედიკამენტის „ჰემლიბრას“ , რომელიც ეფექტურობით და მოხმარების სიმარტივით (სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით, ის კეთდება არა ინტრავენურად, არამედ კანქვეშ კვირაში ერთხელ) წინა თაობის წამლებს უსწრებს, ირინე გობეჯიშვილი განმარტავს, რომ  „ჰემლიბრაზე“ მყოფი პაციენტების რაოდენობა იზრდება – ამ ეტაპზე მას 7 პაციენტი იღებს, კიდევ 3 პაციენტი კი მასზე უახლოეს მომავალში გადავა.

აღნიშნულ მედიკამენტზე გადადიან მძიმე ფორმის ჰემოფილიის მქონე პაციენტები, რომლებიც მანამდე მედიკამენტ „ფეიბაზე“, ნოვოსევენსა“ და მერვე ფაქტორზე იყვნენ, თუმცა მიუხედავად ამისა, ვერ ხერხდებოდა დაავადების გაკონტორლება და პაციენტებს აღენიშნებოდათ ხშირი სისხლდენები. რის გამოც მოხდა მათი გადაყვანა ჰემლიბრაზე.

ირინა გობეჯიშვილი ამბობს,  რომ მხოლოდ „ჰემლიბრას“ დაფინანსება სახელმწიფოს 2021 წელს 400 ათასი დოლარი დაუჯდა. მისივე განცხადებით, მედიკამენტი კონკრეტული ჩვენების მქონე პაციენტებს ენიშნებათ და ამიტომაც ამ პრეპარატის მოხმარება მასშტაბური არ არის. მისივე განმარტებით, გადაწყვეტილებას, რომ კონკრეტულ პაციენტს სწორედ ეს მედიკამენტი უნდა დაენიშნოს, მკურნალი ექიმი იღებს. გობეჯიშვილი არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფო პროგრამის მოცულობა გაიზრდოს მოთხოვნის შესაბამისად და პროფილაქტიკური მკურნალობის შესაძლებლობა უფრო მეტ პაციენტს მიეცეს.

Comments
Loading...