ჰიდროენერგიის საერთაშორისო სააგენტო: „გლობალური დათბობის შესაჩერებლად ჰიდრორესურსების ათვისება უნდა დაჩქარდეს“

24

ჰიდროენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IHA) 2021 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა. მასში IHA ჰიდროენერგიის შეუცვლელ მნიშვნელობაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ თუ მსოფლიომ ჰიდრორესურსების ათვისების არსებული ტემპი არ გაზარდა, გლობალური დათბობის შეჩერება შეუძლებელი იქნება.

ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს მსოფლიოს ჰიდროენერგიას მხოლოდ 26 გგვტ სიმძლავრე შეემატა და ჯამურად იგი 1360 გგვტ-ს გაუტოლდა. ეს  – მაშინ, როცა 2050 წლისთვის ნულოვანი დაბინძურების მისაღწევად დასახული მიზნები ითვალისწინებს ყოველწლიურად გლობალურად 45 გგვტ სიმძლავრის ჰიდროენერგიის ათვისებას, რაც ტემტერატურის წლიურ ზრდას 1.5 გრადუსის ნიშნულზე შეაჩერებდა.

IHA-ს ანგარიშს საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოში, ისევე, როგორც მთელს დანარჩენ მსოფლიოში, ჰიდრორესურსების ათვისებას ალტერნატივა პრაქტიკულად არ აქვს, რადგან ჰიდროენერგია ყველაზე იაფ, სტაბილურ და სუფთა ენერგიას წარმოადგენს.

„ჰიდროენერგია განახლებადი ენერგიის ხერხემალია. მის გარეშე შეუძლებელია მზის და ქარისა ცვალებადი ენერგიის ათვისება. არადა, საბოლოო ჯამში, სწორედ ამან უნდა ჩაანაცვლოს ერთობლივად არაგანახლებადი ენერგიის წყაროები, რათა შევინარჩუნოთ ეკოლოგიურად სუფთა გარემო. ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ჰიდროენერგიის კუთხით 50 მილიარდი კილოვატსაათის ათვისების პოტენციალი აქვს, თუმცა დღეს მის მხოლოდ 22%-ს ვიყენებთ. არსებული შესაძლებლობების სრულად გამოყენების პირობებში მოგვეცემა საშუალება, ასევე სრულად ავითვისოთ მზისა და ქარის ენერგია, რომელიც თითქმის არ გვაქვს ათვისებული. აღნიშნული პოტენციალის ათვისების დაჩქარება აუცილებელია, რათა ერთის მხრივ, ადგილობრივი მზარდი მოხმარება დავაკმაყოფილოთ და განვიმტკიცოთ ენერგოუსაფრთხოება, ხოლო მეორეს მხრივ, გავხდეთ ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა“ – აღნიშნავს გიორგი აბრამიშვილი.

Comments
Loading...