10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

6

13 ოქტომბერს საქართველო  ღვინის საერთაშორისო კონკურსს International Wine & Spirit Competition (IWSC) უმასპინძლებს. კონკურსის ფარგლებში ქართველ მეღვინეებს ცნობილი და გამორჩეული ბრიტანელი ექსპერტები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს  ღვინო და გამოიკვეთოს  მისი ნამდვილი ღირებულება, საკმარისი დრო უნდა დაეთმოს მის გასინჯვას – დაგემოვნებას. და მაინც რა მოვლენაა  IWSC, რა გამოცდილებას იტევს,  როგორია IWSC-ის ღვინის შეფასების ინსტრუქცია, კრიტერიუმები, რომელსაც კონკურსანტებს სთავაზობენ.

ექსპერტთა თქმით, IWSC-ის ჯილდოს მიღება მარტივი ნამდვილად,  არ არის და სწორედ ეს ფაქტი ანიჭებს  ჯილდოს მნიშვნელოვნებას.  გთავაზობთ, 10 მნიშვნელოვან ფაქტს, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე:

  1. კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC) 50 წელზე მეტი ტარდება. კონკურსი 1969 წელს დაარსდა, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ და დღეს მსოფლიოში საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასება-აღიარების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და პრესტიჟული კონკურსია.
  2. საერთაშორისო კონკურსი ყოველწლიურად ტარდება ლონდონში, სადაც ტესტირებაზე ათიათასობით ალკოჰოლური სასმელის ტესტირებას ჟიურის წევრი/მსაჯები ახდენენ.
  3. IWSC კონკურსის არსებობის ისტორიაში მეორედ და ევროპაში პირველად, IWSC-ის დირექტორატის გადაწყვეტილებით, დაიშვა გამონაკლისი და ცალკეული ქვეყნის მასშტაბით (პირველი ჩატარდა სამხრეთ აფრიკაში) კონკურსი მხოლოდ ქართველი მეღვინეებისთვის ჩატარდება. ეს უდიდესი პატივი და შესაძლებლობაა ქართველი მეღვინეებისთვის.
  4. IWSC-ის კონკურსის საქართველოში ჩატარების ექსკლუზიური და ოფიციალური პარტნიორი გურჯაანის ღვინის ფესტივალია. კონკურსის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის დღეები საქართველოში.
  5. კონკურსის პირობების თანახმად, მეღვინეები რეგისტრირდებიან IWSC-ის ვებგვერდზე. რეგისტრაციის შემდეგ მეღვინეებმა უნდა გააგზავნონ საკუთარი ღვინის 2 ნიმუში ღვინის ეროვნულ სააგენტოში  1-დან 8 ოქტომბრის ჩათვლით.
  6. კონკურსის ფარგლებში IWSC-ის ჟიურის შემადგენლობაში მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები, სომელიეები და ბაიერები იქნებიან. რაც ყველაზე ხაზგასასმელია, ჟიურის უხელმძღვანელებს ღვინის ერთ-ერთი საუკეთესო შემფასებელი მსოფლიოში – უმაღლესი რანგის პროფესიონალი – აღიარებული ღვინის მაგისტრი, სარა ებოტი. IWSC-ის მხრიდან აგრეთვე იმსაჯებენ: მეგან კლარკი, მეგი მაკპერსონი, სალვატორე კასტანო და სედარ ბალკაია.
  7. კონკურსს ქართველი მსაჯებიც მოემსახურებიან. ჟიურიში იქნებიან ანა გოდაბრელიძე, გოგი დაქიშვილი, ლადო უზუნაშვილი, დავით ჩიჩუა, ჯაბა ძიმისტარიშვილი, მაგდა სურგულაძე, პატრიკ ჰონეფი და ლევან მეხუზლა.
  8. კონკურსი ჩატარდება 13 ოქტომბერს და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონკურსის პირობების თანახმად ჩატარების ადგილი, IWSC-ის მოთხოვნილი სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი. ინფორმაცია გამარჯვებულების შესახებ ტესტირების დასასრულს გახდება ცნობილი.
  9. კონკურსს ეყოლება გამარჯვებულები, ყველა მონაწილე კი – მოგებული დარჩება, რადგან ჟიურის წევრების შეფასებებს ყველა მონაწილე ინდივიდუალურად მიიღებს.
  10. გალა ღონისძიებაზე მოხდება გამარჯვებული ღვინოებისა და მეღვინეობების დაჯილდოვება IWSC-ის სპეციალური მედლებით (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო) და სერტიფიკატებით.

 

IWSC-ის საქართველოს კონკურსზე რეგისტრაცია დასრულდება 7 ოქტომბერს.

Comments
Loading...