2016 წელს, ზედიზედ მეხუთე წელია, მსოფლიოში სასურსათო პროდუქტებზე ფასები ეცემა

556

2016 წელსაც, ზედიზედ მეხუთე წლის მანძილზე, ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასების ვარდნა გაგრძელდა და მთელი წლის მაჩვენებელმა 161.6 პუნქტი შეადგინა, რაც 2015 წლის დონეზე 1.5%-ით ნაკლებია, – აღნიშნულის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას FAO ავრცელებს.

მარცვლეულის არნახულმა მოსავალმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO-ს) სასურსათო ფასების ინდექსის ზრდის ტენდენციის კომპენსირება მოახდინა; ინექსის მატების ტენდენცია კი შაქართან და პალმის ზეთთან იყო დაკავშირებული.

დეკემბერში ინდექსმა თითქმის 172 პუნქტი შეადგინა; ეს მაჩვენებელი ნოემბრის შემდეგ უცვლელი დარჩა.

FAO-ს სასურსათო ფასების ინდექსი ვაჭრობაზე შეწონილი ინდექსია, რომელიც ასახავს ხუთი მთავარი პროდუქტის ჯგუფზე საერთაშორისო საბაზრო ფასებს; ესენია: ძირითადი მარცვლეული, მცენარეული ზეთები, რძის პროდუქტები, ხორცი და შაქარი.

2016 წელს აღინიშნა მარცვლეულის ფასების სტაბილური კლება, რომელიც 2015 წლიდან 9.6%, ხოლო 2011 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებლიდან – 39%-ით დაეცა. ამავე დროს, შაქრისა და მცენარეული ზეთის ფასებმა წლის მანძილზე შესაბამისად 34.2 და 11.4%-ით მოიმატა.

“ეკონომიკური არასტაბილურობა, მათ შორის გაცვლითი კურსების ცვალებადობა, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს სურსათის ბაზრებზე კიდევ უფრო სერიოზულ გავლენას მოახდენს”, – განაცხადა FAO-ს უფროსმა ეკონომისტმა აბდოლრეზა აბასიანმა.

მარცვლეულის ფასები დეკემბერში მყარი იყო, ხოლო რძის პროდუქტებისა და მცენარეული ზეთების ფასებმა მოიმატა FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსმა, რომელიც სექტემბრის შემდეგ მნიშვნელოვანწილად სტაბილური იყო, დეკემბრის თვეში 0.5%-ით მოიმატა.

ბრინჯის და სიმინდის ფასებმა აიწია, ხოლო ავსტრალიაში, კანადასა და რუსეთის ფედერაციაში მოსალოდნელზე უფრო დიდი მოსავლის პერსპექტივებმა ხორბლის ფასების შემცირება გამოიწვია.

FAO-ს მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი ნოემბერში 4.2%-ით გაიზარდა, რითაც მისი წლიური მატების დონემ ორნიშნა ციფრს მიაღწია, ეს კი 2014 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გაიზარდა როგორც პალმის ზეთის, ასევე სოიოს ზეთის ფასები – პალმის ზეთის შემთხვევაში, ფასების ზრდა გამოიწვია მსოფლიო მარაგების დაბალმა დონემ და შეზღუდულმა მიწოდებამ, რაც შეეხება სოიოს ზეთს, ამას ბიძგი მისცა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ბიოდიზელის სექტორში მისი გამოყენების ზრდის პერსპექტივამ.

FAO-ს რძის ფასების ინდექსმა ნოემბრიდან 3.3 %-ით აიწია, რისი ძირითადი მიზეზიც იყო კარაქზე, ყველზე და მოუხდელი რძის ფხვნილზე უფრო მაღალი ფასები და ევროკავშირსა და ოკეანიაში შეზღუდული გამოშვება.

FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი, რომელიც წლის განმავლობაში თითქმის მესამედით იყო გაზრდილი, 2016 წლის ბოლო თვეში 8.6%-ით დაეცა. მკვეთრი შემცირება ძირითადად გამოიწვია დოლართან მიმართებაში ბრაზილიური რეალის შესუსტებამ, რასაც დაემატა ცნობები ქვეყნის ცენტრალურ სამხრეთ ნაწილში, ბრაზილიის შაქრის მწარმოებელ მთავარ რეგიონში, წარმოების მოსალოდნელმა 18 პროცენტიანმა ზრდამ.

FAO-ს ხორცის ფასების ინდექსმა 1.1 პროცენტით დაიწია. 2016 წელს მისი საშუალო სიდიდე 2015 წლის დონეზე 7 პროცენტით დაბალი იყო, რაც ძირითადად ხარისა და ფრინველის ხორცზე საერთაშორისო ფასების ვარდნამ განაპირობა.

Comments
Loading...