2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1,6 მილიარდი დოლარი შეადგინა

490

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წელს 1,6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22 პროცენტით აღემატება 2015 წლის წინასწარ და 5 პროცენტით ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს.

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2016 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 59 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 35 პროცენტით, მეორეზე – თურქეთი 17 პროცენტით, ხოლო მესამეზე – გაერთიანებული სამეფო 7 პროცენტით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2016 წელს 61 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 645 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 203 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – მშენებლობა 163 მლნ. აშშ დოლარით.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წლის IV კვარტალში 330 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2015 წლის IV კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 23 პროცენტით, ხოლო ამავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე 1 პროცენტით მეტია.

პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 44 პროცენტით, მეორე ადგილზე – თურქეთი 23 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილზე გაერთიანებული სამეფო – 12 პროცენტით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2016 წლის IV კვარტალში 75 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 128 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 63 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – მშენებლობის სექტორი 58 მლნ. აშშ დოლარით.

Comments
Loading...