2016 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების საერთო დონე 1.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინფლაციამ 1.8 პროცენტი შეადგინა, – შესაბამისს მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
საანგარიშო თვეში, სურსათის კატეგორიაში ფასების დონე წინა თვესთან შედარებით 1.7 პროცენტით გაიზარდა. ფასების ცვლილება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო "ბოსტნეული, ბაღჩეული, კარტოფილის და სხვა ბოლქვოვანების ჩათვლით" შემავალი პროდუქტების ჯგუფში.
ამ ჯგუფში ფასები წინა თვესთან შედარებით 9.2 პროცენტით გაიზარდა, რაც ძირითადად სეზონური ფაქტორებიდან გამომდინარეობს. 2.9 პროცენტით გაიზარდა ფასები "რძე, ყველი და კვერცხის" ჯგუფში შემავალ პროდუქტებზე, ხოლო "ხორცზე და ხორცპროდუქტებზე" 2 პროცენტით გაიზარდა.
საბაზო ინფლაციის ანუ სურსათისა და ენერგომატარებლების გარეშე გაზომილმა სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდამ 1.8 პროცენტი შეადგინა. საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ფასების დონის გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის.